ახალი ამბები

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

16 იანვარი, 2020 • 3238
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე წარადგინეს.

შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა.

შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

საპროკურორო საბჭოს 16 იანვრის განცხადების თანახმად, შოთაძის კანდიდატურა მათ წარუდგინა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. ამის შემდეგ ის ჯერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნეს, შემდეგ კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე გახდა.

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი.

კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭომ 3 კანდიდატი უნდა აირჩიოს, შემდეგ კი მათ ცალ-ცალკე უნდა უყაროს კენჭი.

პროცედურის თანახმად, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

ამის შემდეგ საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

გენპროკურორობის სხვა კანდიდატები

ირაკლი შოთაძის გარდა, გენერალური პროკურორობის სხვა კანდიდატები არიან:

  1. გრიგოლ გაგნიძე, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე;
  2. რაულ გამისონია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  3. სოფიო შენგელია, „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი;
  4. პაატა გაბელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი;
  5. ფიქრია ზირაქაშვილი, შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი;
  6. დავით კოდანაშვილი;
  7. ვალერიან ვაჭარაძე;
  8.  მერაბ გამყრელიძე;

შოთაძის ბიოგრაფია

ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან. მთავარი პროკურორის პოსტის დაკავებამდე, შოთაძე პროკურატურაში მუშაობდა შემდეგ პოზიციებზე:

  • 07.03.2006 – 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;
  • 03.04.2006 – 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
    სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის
    სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების
    საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის
    დეპარტამენტის სტაჟიორად;
  • 02.06.2006 – 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
    სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის
    სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების
    საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;
  • 04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის
    პროკურორად;
  • 28.07.2009 – 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს
    დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო
    ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი
    დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
    სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.
    2010 წლის სექტემბრის თვეში კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
    საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა
    თანამდებობაზე, კერძოდ:
  • 10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს
    უფროსის მოადგილედ;
  • 05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
  • 14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად

ამავე თემაზე

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი