პარლამენტმა გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ პროკურორად აირჩია.
გაბიტაშვილის კანდიდატურას კენჭი პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს და მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.
მანამდე, დღეს, 18 ივლისს დილით, გიორგი გაბიტაშვილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმინეს.
როგორც კომიტეტზე მოსმენისას გაბიტაშვილმა განაცხადა, პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან სრულიად დამოუკიდებელია და მისი არჩევის შემთხვევაშიც ასე დარჩება.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი შოთაძემ მაისში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.
რაც შეეხება გიორგი გაბიტაშვილის სამუშაო გამოცდილებას:
2013 წლის 13 ივნისიდან დღემდე გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
გიორგი გაბიტაშვილმა მუშაობა დაიწყო 2007 წელს საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების პროგრამით. სტაჟირების დასრულების შემდეგ დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში.
2009 წელს გიორგი გაბიტაშვილი დააწინაურეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსად, სადაც საქმიანობდა 2013 წლამდე.
2013 წლის 14 იანვრიდან გიორგი გაბიტაშვილმა პროფესიული საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.