ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დროს, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ, ქრთამი შესთავაზეს. პარალელურად კი, იმდროინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელით დაუსჯელობის გარანტია მისცეს.
“მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ შეიძლება ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადოს ქართულ პროკურატურას. იმ პროკურატურას, რომლის ყოფილ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით… მაგალითად, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მე შემომთავაზეს თანხა საქმეზე გარკვეული შედეგის დადების სანაცვლოდ. მითხრა, რომ ირაკლი შოთაძისგან აიღებ შენ გარანტიას, რომ თანხის აღების, ანუ ქრთამის აღების შემთხვევაში სისხლის სამართის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება და ეს თანხა კარგად შეგერგება”, – განაცხადა ალავიძემ TV პირველთან საუბრისას.
“ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გასარკვევად ალავიძეს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ქრთამი “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს სახელით შესთავაზეს. ალავიძის თქმით, ივანიშვილისა და შოთაძის სახელით მას შუამავალი ესაუბრებოდა. ალავიძე “ნეტგაზეთთან” არ ასახელებს საქმეს, რომელსაც ეხება ეს ამბავი. თუმცა ამბობს, რომ ეს საუბრები 2015-2016 წლებში შედგა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი მოსამართლე ზეწოლაზე საუბრობს. რამდენიმე თვის წინ მან გაიხსენა შემთხვევა, როცა ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მიიღო შეტყობინება, რომ თუ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, „ტვინს გაასხმევინებდნენ“.
ამასთან, ბესარიონ ალავიძის თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ სასამართლო სისტემაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფი კეთილგანწყობას ჰპირდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრებდა, ემუქრებოდნენ, რომ „გადაუვლიდნენ“.
ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა მიმდინარე წლის მაისში დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
შოთაძე ქვეყნის გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა, ორივეჯერ – “ქართული ოცნების” პირობებში. მან თანამდებობა ორივეჯერ ვადაზე ადრე დატოვა.
ბოლოს ის 2020 წელს დაამტკიცეს 6 წლის ვადით, იქამდე კი, 2015 წელს. შოთაძე პირველად 2018 წლის 31 მაისს გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
ამავე თემაზე: