ახალი ამბები

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

31 მაისი, 2018 • 18652
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომას წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია. ნეტგაზეთი მისი გადადგომის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ – საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების  მნიშვნელოვანი რგოლის – პროკურატურის მიმართ.

ამავე თემაზე

რა შენიშვნები აქვს სარალიძის ოჯახს პროკურატურასთან – დეტალები მოკლედ

ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.

ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.

დღეს პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას.  პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.

ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ. მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით.  როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ.

მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ  ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება. აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს  გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან.

ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში  მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე,” – წერია შოთაძის განცხადებაში.

გარდა ზაზა სარალიძისა და აქციის წევრებისა, დღეს, 31 მაისს, შოთაძისა გადადგომა მოითხოვეს დეპუტატებმა- ლევან კობერიძემ და სალომე ზურაბიშვილმა  და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”.

ირაკლი შოთაძე 2015 წლის 27 ნოემბრიდან დღემდე იკავებდა საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტს. მან საქართველოს პროკურატურაში კარიერა დაიწყო 2006 წლის მარტიდან. მთავარი პროკურორის პოსტის დაკავებამდე, შოთაძე პროკურატურაში მუშაობდა:

  • 07.03.2006 – 03.04.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად;
  • 03.04.2006 – 02.06.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
    სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის
    სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების
    საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის
    დეპარტამენტის სტაჟიორად;
  • 02.06.2006 – 04.10.2006 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა
    სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის
    სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების
    საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად;
  • 04.10.2006 – 28.07.2009 წწ. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის
    პროკურორად;
  • 28.07.2009 – 10.09.2010 წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს
    დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო
    ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი
    დევნის დეპარტამენტის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
    სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორად.
    2010 წლის სექტემბრის თვეში მან კარიერა განაგრძო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
    საგამოძიებო სამსახურში და 2013 წლის 21 ნოემბრამდე მუშაობდა სხვადასხვა
    თანამდებობაზე, კერძოდ:
  • 10.09.2010 – 05.11.2012 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს
    უფროსის მოადგილედ;
  • 05.11.2012 – 14.06.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
  • 14.06.2013 – 21.11.2013 წწ. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სარალიძის მშობლები და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე საათია მთავარ პროკურატურასტან იმყოფებიან. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არ გადადგება, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას და მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეთა დასჯას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი