ახალი ამბები

შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს – სარალიძე

16 იანვარი, 2020 •
შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს – სარალიძე

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას ზაზა სარალიძე ეხმაურება. სარალიძე წერს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ირაკლი შოთაძე თანამდებობაზე დაბრუნება თუ არა, რადგან ამ ეტაპზე მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიება სწორად მიმდინარეობს. სარალიძე მიმდინარე გამოძიებას ენდობა და დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სამართლიანობა აღდგება.

“ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა. ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!”, – წერს სარალიძე და დასძენს, რომ ბრძოლას გააგრძელებს მისი შვილის საქმეში ყველა დამნაშავის დასასჯელად. 

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან 2018 წლის მაისში გადადგა. თანამდებობიდან წასვლას  წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად. დღეს, 16 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძეს მხარს დავუჭერ – ვოლსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი