ახალი ამბები

საქართველოში სამუშაო დრო სათანადოდ არ რეგულირდება – HRW

15 იანვარი, 2020 • 2171
საქართველოში სამუშაო დრო სათანადოდ არ რეგულირდება – HRW

„საქართველოს კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს სამუშაო საათების, შესვენების, ყოველკვირეული დასვენების და ღამის საათებში მუშაობის ხანგრძლივობას“, – აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW).

ორგანიზაციამ ახლახან გამოაქვეყნა შემაჯამებელი ანგარიში – World Report 2020 – რომელიც საქართველოში 2019 წლის მოვლენებს მიმოიხილავს. ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი შრომის უფლებებს ეხება.

ამ ნაწილში, გარდა სამუშაო საათების არასათანადო რეგულირებისა, HRW წერს, რომ კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს სახელმწიფო ზედამხედველობას შრომის ყველა პირობის შესრულებაზე.

ორგანიზაციის შეფასებით, „არასათანადო რეგულაციების შედეგად დამკვიდრებული სამუშაო პრაქტიკა უპირატესობას საწარმოო მიზნებს ანიჭებს, რაც რისკს უქმნის მშრომელთა უსაფრთხოებას“.

ამის მაგალითად HRW-ს მოჰყავს ჭიათურელი მაღაროელები და წერს: „მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მაღაროელები მიწისქვეშ ზედიზედ 15 დღის განმავლობაში 12-საათიან ცვლებში მუშაობენ, მათ შორის ღამით, რაც იწვევს მათ გადაღლილობას და ზრდის უბედური შემთხვევების და დაშავების ალბათობას“.

მაისში ჭიათურის მაღაროების 2 500-მდე მეშახტე 12 დღის განმავლობაში გაფიცული იყო და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვდა.

HRW ასევე წერს, რომ შრომის ინსპექციის გასაძლიერებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზეგანაკვეთურ მუშაობას, დასვენებას და სხვა მსგავს საკითხებს ეხება, ხელისუფლებამ საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.

სავარაუდოდ, საუბარია პარლამენტარ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც ამ საკითხებს აწესრიგებს. კანონპროექტის შესახებ მედიაში ინფორმაცია 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა.

[დიმიტრი ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის წევრი იყო პარლამენტში, თუმცა 2020 წელს, პროპორციული არჩევნების ჩაგდების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად დატოვა უმრავლესობის რიგები].

ამ კანონპროექტს უნდა შეეტანა ცვლილებები შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონში, რასაც ბიზნესის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

მართალია, სამუშაო დროდ კვირაში 40 საათია განსაზღვრული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს დრო 48 საათსაც აღწევს. ამასთან, ხშირია შემთხვევები, როდესაც დასაქმებულები კონტრაქტით განსაზღვრულზე მეტს მუშაობენ დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

შრომის კოდექსის ცქიტიშვილისეული პროექტი, გარდა 40-საათიანი სამუშო კვირის დეტალების დაზუსტებისა, ადგენს, რომ იკრძალება 48 საათზე მეტი შეთავსებით მუშაობა ისეთ სამსახურებში, რომლებიც რისკის შემცველ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.

კანონპროექტის სამუშაო ვერსია საქართველოს იურისტთა ასოციაციამ შეაფასა და ერთ-ერთ რეკომენდაციაში მიუთითა, რომ აღნიშნულ ნორმაში დასაზუსტებელია, ეს შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც ორივე სამუშაო განეკუთვნება რისკის შემცველი ეკონომიკური საქმიანობის სექტორს, თუ აკრძალვა ეხება ისეთ შემთხვევასაც, როდესაც მხოლოდ ერთ-ერთი სამსახური განეკუთვნება აღნიშნულ სექტორს.

თუმცა, როგორც HRW-იც მიუთითებს, World Report 2020 ანგარიშის მომზადებისას ცვლილებათა ეს პაკეტი ჯერ კიდევ არ იყო პარლამენტში ინიცირებული.

[გარეკანის ფოტო: „40- საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის“ – აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 2019 წლის სექტემბერში. ნეტგაზეთის ფოტო]

ნახეთ სხვა ნაწილები ამ ანგარიშიდან:

HRW: რ2-ზე გადაწყვეტილებამ მედიალანდშაფტში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია

საქართველოში სამართალდმცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელი პრობლემაა – HRW

მასალების გადაბეჭდვის წესი