ახალი ამბები

„საპატიმრო სასჯელი არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილოს“ — Amnesty International და Human Rights Watch

2 მარტი, 2023 • 525
„საპატიმრო სასჯელი არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილოს“ — Amnesty International და Human Rights Watch

ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციები Amnesty International და Human Rights Watch მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის სამედიცინო მიზეზებით გათავისუფლების შესახებ.

განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება ყოფილ პრეზიდენტს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე და სიკვდილის, ქმედუუნარობის ან სხვა შეუქცევადი ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის ქვეშ აყენებს:

„მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარი შეიძლება გაუტოლდეს წამებას, ან სხვა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს“, — განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

„პატიმრობაში სიკვდილი, რომელიც გამოწვეულია ჯანდაცვაზე მიზანმიმართული უარით, უტოლდება სიცოცხლის თვითნებურ აღკვეთას, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები და დაიცვას სააკაშვილის ჯანმრთელობა. ამასთან, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო საფუძველზე“ ,— აცხადებენ ორგანიზაციაში.

Amnesty International და Human Rights Watch აცხადებენ, რომ ორმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ჯგუფმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა რიგი სიცოცხლისთვის სახიფათო დიაგნოზი პატიმრობაში ყოფნის 16 თვის განმავლობაში. განცხადების ავტორების თქმით, ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ სააკაშვილს აღენიშნება ნევროლოგიური, ორთოპედიული, ფსიქოლოგიური, გასტროენტეროლოგიური დარღვევები, რომლებიც ემუქრება მის სიცოცხლეს და მოითხოვს იმგვარ სამედიცინო დახმარებას, რაც ხელმისაწვდომი არაა საქართველოში.

ამასთან, ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის მიერ წარგზავნილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვალს მოინახულეს და განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია 2022 წლის დეკემბერში წინა ვიზიტთან შედარებით და მალე ის შეუქცევადი ორგანული დაზიანების წინაშე აღმოჩნდება:

„საპატიმრო სასჯელი არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილოს, როდესაც განკურნებადი დიაგნოზები ტრაგიკულად ფატალური ხდება“ ,— განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორმა ჰიუ ვილიამსონმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის კრიმინალური მართლმსაჯულების სისტემა უფრო ჰუმანური უნდა გახადოს და მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში:

„მათ უნდა შემოიღონ ზომები, რომელიც ქმნის დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების გარანტიებს და თუ საჭიროა, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ის პირები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამობაშია პატიმრობაში დარჩენასთან“, — აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი