ახალი ამბები

NGO-ები ცდილობენ, რომ ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ – პაპუაშვილი HRW-ზე

12 იანვარი, 2024 • 990
NGO-ები ცდილობენ, რომ ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ – პაპუაშვილი HRW-ზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, Human Rights Watch-ის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების აღქმებსა და ხედვებს ეფუძნება.

ასე უპასუხა მან კითხვას Human Rights Watch-ის  კრიტიკულ ანგარიშზე, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ „ასეთ ანგარიშებში საკუთარი დამოკიდებულება შეაპარონ“.

„ეს ანგარიშშიც ნათქვამია, რომ დაყრდნობილია NGO-ების შეფასებებს, აღქმებს და ხედვებს. NGO-ებს რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით ვგულისხმობ NGO-ების ელიტურ ნაწილს, რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საგრანტო დაფინანსება საქართველოში, ეს გასაგებია. ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და ასე იარაღად იყენებენ ხოლმე საერთაშორისო დასკვნებს.

შევხედოთ, რა არის ფაქტები. შევხედოთ მარტის აქციებს და პოლიციის მოქმედებას, რამდენად იყო თუ არ იყო ძალის გადაჭარბება. ეს საკითხი სწორედ NGO-ების, ყოფილი ომბუდსმენის და ზოგიერთი ყოფილი დიპლომატის ისტერიის საფუძველზე არაერთხელ გამხდარა საქართველოში დისკუსიის საგანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში უთანასწორო მდგომარეობა იყო. მთავრობის მცდელობა “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი მიეღოთ, გამოხატვის თავისუფლებას უქმნიდა საფრთხეს. დაძაბულობა კი, რაც მოჰყვა მთავრობის მიერ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წაყენებული 12 პრიორიტეტის სისრულეში მოყვანას, მთავარი ფაქტორი იყო პოლიტიკურ მოვლენებში.

HRW ანგარიშში წერს, რომ 2023 წელს საქართველოში კვლავაც პრობლემა იყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევები, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან  დაკავშირებით. პრობლემა იყო ასევე თავდასხმები და ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე, არასამართლიანი შრომითი პირობები. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიღმა დარჩა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში  დაწვრილებით მიმოიხილავს საქართველოში რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართალდამცველთა მხრიდან დარღვევებსა და ანგარიშვალდებულებას, მედიასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, შრომით უფლებებს, გენდერულ თანასწორობას.

HRW წერს, რომ მიუხედავად იმისა, მთავრობა “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” წინააღმდეგობრივ კანონპროექტს ამართლებდა იმით, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, კერძო პირების ფინანსური გამჭვირვალობა, მთავრობის წევრთა საჯარო განცხადებები “მიანიშნებდა, რომ მათი მიზანი დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ადამიანების სტიგმატიზაცია და დაჯარიმება იყო.” მთავრობის ინიციატივა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, გაერომ, ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა და სხვებმა. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, “ქართულმა ოცნებამ” მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან დაიხია.


მთავარ ფოტოზე: სპეციალური დანიშნულების რაზმი მომიტინგეებისკენ მიიწევს. 8 მარტი, 2013. თბილისი. ფოტო: epa/ზურაბ ქურციკიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი