ახალი ამბები

საქართველოში სამართალდმცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელი პრობლემაა – HRW

15 იანვარი, 2020 • 1430
საქართველოში სამართალდმცავთა დაუსჯელობა გადაუჭრელი პრობლემაა – HRW

სამართალდამცავთა დაუსჯელობა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად რჩება – ასე აფასებს Human Rights Watch საქართველოში 2019 წელს არსებულ მდგომარეობას.

ანგარიშში სხვა პრობლემურ საკითხვებთან ერთად,საუბარია პოლიციის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მიერ პარლამენტთან აქციის დარბევაზე, ციხის პერსონალის არასათანადო მოპყრობასა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გვიან ამოქმედების შესახებ.

ამ უკანასკნელის შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული სამსახურის ამოქმედება ხელისუფლებამ ორჯრ გადადო, საბოლოოდ კი ფუნქციონირება 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო. გარდა ამისა:

„2019 წლის იანვრიდან სექტემბრამდე სახალხო დამცველის აპარატში 54 საჩივარი შევიდა ციხის პერსონალის და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე. სახალხო დამცველმა 52 საჩივრის გამოძიების მოთხოვნით მიმართა პროკურატურას, მაგრამ სისხლისსამართლებლივი დევნა არცერთ მათგანზე არ დაწყებულა“, – ნათქვამია HRW-ის ანგარიშში.

რაც შეეხება აქციების დარბევას- 20 ივნისსზე საუბრისას ანგარიშში ნათქვამია: „ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რა დროსაც პოლიციას აღჭურვილობას ართმევდა და აზიანებდა. სხვა მხრივ პროტესტი მეტწილად არაძალადობრივი იყო. პოლიციის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ.”

„240 ადამიანს, მათ შორის 80 პოლიციელსა და 32 ჟურნალისტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება მიღებული დაზიანებების გამო. ბევრი მოქალაქე დაიჭრა რეზინის ტყვიებით თავში, ფეხებსა და ზურგში. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა, ხოლო სასამართლომ 121 დემონსტრანტს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე პატიმრობა მიუსაჯა“, – ნათქვამია ანგარიშში.

HRW წერს, რომ აქციის დარბევის შემდეგ ხელისუფლება პასუხისმგებლობის დაკისრებას ცალმხრივად ცდილობდა. დაიწყო გამოძიება მასობრივი არეულობის მოწყობაზე და შედეგად, 19 ადამიანს წრედგინა ბრალი, მათ შორის, ნიკა მელიას.

„ჯამში, პროკურატურამ დაზარალებულად 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე ცნო რითიც ბევრ დაშავებულ დემონსტრანტს გამოძიების მასალების გაცნობის შესაძლებლობა წაართვა. ნოემბერში, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულად კიდევ სამი ადამიანი ცნეს“ ,- წერია ანგარიშში.

ამასთანავვე, ორგანიზაცია დასძენს, რომ პროკურატურამ სამ პოლიციელს წარუდგინა ბრალი უფლებამოსილების გადამეტებისა და დაკავებული დემონსტრანტის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. თუმცა სამივე პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 პოლიციელს გამოუცხადა საყვედური გადაცდომებისთვის, ხოლო 2 საქმე პროკურატურაში გააგზავნა. პროკურატურამ სახალხო დამცველს მისცა უფლებამოსილება, გასცნობოდა სამართალდამცავთა მოქმედებებზე მიმდინარე გამიძიების მასალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი