ახალი ამბები

ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა არ იკრძალება — კანონპროექტის ავტორი

20 სექტემბერი, 2019 •
ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა არ იკრძალება — კანონპროექტის ავტორი

პარლამენტარი, კანონპროექტის ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ კრძალავს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც უკვე ისედაც აკრძალულია; მისი თქმითვე, კანონპროექტის მიზანი დასაქმებულების უფლებების და მათი დამსაქმებლის მხრიდან ექსპლუატაციისაგან დაცვაა.

„არავინ არავის უზღუდავს [დამატებით] მუშაობას გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მისი ზეგანაკვეთური და 24-საათიანი მუშაობა უკვე საფრთხეს არ უქმნის სხვა პირებს. მაგალითად, როგორც მეტროს მემანქანეებს აქვთ განსაზღვრული“, — განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთს“. 

ცქიტიშვილი „ნეტგაზეთს“ განუმარტავს, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ადამიანებისთვის ერთზე მეტი სამსახურის აკრძალვას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როცა „ადამიანს აბარია ადამიანების სიცოცხლე და მისი ზედმეტი მუშაობის და თუნდაც კარგი ანაზღაურების გამო რისკის ქვეშ აყენებს სხვა ადამიანებს“…

„მაგალითად, მეტროს მემანქანეების სამუშაო დროები მკაცრად არის განსაზღვრული იმიტომ, რომ მათზეა დამოკიდებული ათასობით ადამიანი, რომელიც მას გადაჰყავს. ამის გამო მათ აკრძალული აქვთ იმაზე მეტი მუშაობა, ვიდრე განსაზღვრულია“, — გვეუბნება დეპუტატი. თუმცა, ცქტიშვილის თქმით, ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია. ზოგადად კი, ცვლილებები ჩვეულებრივ დასაქმებულებს, სურვილის ქონის შემთხვევაში, დამატებით სამუშაოს ქონას არ უკრძალავს. პირიქით, დასაქმებულების უფლებებს ამტკიცებს:

„არავის ვუკრძალავთ [მეორე სამსახურში] დასაქმებას. მხოლოდ დამსაქმებელს ვუკრძალავთ სხვის ექსპლუატაციას. დასაქმებულს აქვს აბსოლუტური თავისუფლება, იმდენი იმუშაოს, რამდენიც უნდა — სახლში იმუშაოს, თვითდასაქმებული გახდეს, ტაქსის მძღოლი იყოს, დამლაგებლად იმუშაოს, ბევრი სხვადასხვა საქმე აკეთოს. მაგრამ თუ მას აღარ აქვს ამის სურვილი და ვიღაც აძალებს, ემუქრება, რომ იმის გამო, რომ დამატებით მუშაობა არ უნდა, სამსახურიდან გაათავისუფლებს, ამ შემთხვევაში კანონი მას დაიცავს“, — განმარტავს ცქიტიშვილი.

„წარმოიდგინეთ, მაქვს ერთი სამსახური, მერე მეორე სამსახურშიც ვმუშაობ. ამ მეორე სამსახურში მეუბნებიან, კიდევ სამი საათით დარჩი და იმუშავეო. მე ვეუბნები, რომ არ შემიძლია, იმიტომ, რომ აღარ მაქვს დრო. ის კი მეუბნება, თუ არ იმუშავებ, გაგათავისუფლებო. აი, ამის საშუალებას აღარ აძლევს [დამსაქმებელს] ეს კანონი… ანუ სახელმწიფო დგება ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს“.

რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი კანონპროექტით მოქალაქეებს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობა ეზღუდებოდათ. დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი ჯერ არც კი შეუტანიათ პარლამენტში, მისი პირველადი ვერსია ცოტა ხნის წინ განიხილეს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რასაც, ცხადია, დისკუსია მოჰყვა.  ჯერჯერობით „მიმდინარეობს ამ პროექტის დამუშავება-დახვეწა და ეტაპობრივად მომზადდება ინიცირებისთვის“. მისი თქმითვე, პარლამენტს კანონპროექტს სავარაუდოდ ოქტომბერში წარუდგენენ.

„ცოტათი ხელოვნურად ხდება ამ კანონპროექტის დემონიზირება, თუმცა მესმის, რატომაც: ჰგონიათ, რომ ამით კარგ საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში კი უნდათ, დააკანონონ მონური შრომა“, — ამბობს ცქიტიშვილი. „თვითონ პრინციპი ამ კანონის, არის, რომ იცავს და არა კრძალავს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი