საზოგადოება

ადამიანის უფლებების მხრივ უთანასწორო – HRW-ის ანგარიში 2023 წლის საქართველოზე

12 იანვარი, 2024 • 1268
ადამიანის უფლებების მხრივ უთანასწორო – HRW-ის ანგარიში 2023 წლის საქართველოზე

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Human Rights Watch 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ გასულ წელს ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში უთანასწორო მდგომარეობა იყო. მთავრობის მცდელობა, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონი მიეღოთ, გამოხატვის თავისუფლებას უქმნიდა საფრთხეს. დაძაბულობა კი, რაც მოჰყვა მთავრობის მიერ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წაყენებული 12 პრიორიტეტის სისრულეში მოყვანას, მთავარი ფაქტორი იყო პოლიტიკურ მოვლენებში.

HRW ანგარიშში წერს, რომ 2023 წელს საქართველოში კვლავაც პრობლემა იყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დარღვევები, განსაკუთრებით, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. პრობლემა იყო ასევე თავდასხმები და ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე, არასამართლიანი შრომითი პირობები. ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის მიღმა დარჩა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებები.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში  დაწვრილებით მიმოიხილავს საქართველოში რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის- შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამართალდამცველთა მხრიდან დარღვევებსა და ანგარიშვალდებულებას, მედიასა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, შრომით უფლებებს, გენდერულ თანასწორობას.

HRW წერს, რომ მიუხედავად იმისა, მთავრობა “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” წინააღმდეგობრივ კანონპროექტს ამართლებდა იმით, თითქოს მას უნდა უზრუნველეყო არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, კერძო პირების ფინანსური გამჭვირვალობა, მთავრობის წევრთა საჯარო განცხადებები “მიანიშნებდა, რომ მათი მიზანი დამოუკიდებელი ჯგუფების, მედიისა და კრიტიკული ადამიანების სტიგმატიზაცია და დაჯარიმება იყო.” მთავრობის ინიციატივა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ, გაერომ, ევროპის საბჭომ, ევროკავშირმა და სხვებმა. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, “ქართულმა ოცნებამ” მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან დაიხია.

“მთავრობის მხრიდან მტრული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. განსაკუთრებით მტრული იყო მათი რიტორიკა ხელისუფლების მაკონტროლებელი კრიტიკული ორგანიზაციების მიმართ. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა საკითხებში, ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, გამოთქვა შეშფოთება, რომ ქვეყანაში „სისტემურად ცდილობენ ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ძირის გამოთხრას” და მთავრობა ცილისმწამებლურ კამპანიებს აწარმოებს სოციალურ მედიაში სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ.

სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება USAID-ის მიერ დაფინანსებული სავარაუდო „რევოლუციური სცენარის“ შესახებ, რომელიც თითქოს მიზნად ისახავდა აქტივისტების მოკრებას სამოქალაქო არეულობის წასაქეზებლად და საქართველოს ხელისუფლების დასამხობად”, – წერს Human Rights Watch.

ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული სამართალდამცველთა მხრიდან დარღვევები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელის შესაშლელად. მათ შორის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დასაშლელად, რომლებიც ე.წ. “აგენტების კანონს” აპროტესტებდნენ; მშვიდობიანი პროტესტანტების დაკავებები და ჯარიმები, რაც დემონსტრანტებს მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით ეკისრებათ. 

“ივნისში პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველი ცნობილი ჯგუფების წევრები, ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რადგან მათ ეკავათ პლაკატები, სადაც მიზანმიმართულად დამახინჯებული იყო პრემიერ-მინისტრის სახელი, დაკავებულთა ნაწილს ეკავა ცარიელი, სუფთა ფურცლები და კონსტიტუციის ასლები. 48 საათის შემდეგ ისინი პოლიციამ გამოუშვა. სექტემბერში სასამართლომ აქტივისტებს ჯარიმა დააკისრა ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო”, – წერია HRW-ის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ივლისში დაკავებული 20 დემონსტრანტის ამბავი, რომლებმაც ანტისაომარ პროტესტს მიმართეს რუსული გემის წინ ბათუმში. ნახსენებია ასევე 2023 წლის ოქტომბერში “ქართული ოცნების” მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები, რაც აძლევს პოლიციას უფლებას, დაშალოს და დააკავოს პროტესტის მონაწილეები, რომლებიც კარვებს გაშლიან ან სცენას დადგამენ.

ცალკე ქვეთავი ეხება ანგარიშში მედიასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას.

“არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა მედიის წარმომადგენლებზე. ოქტომბრისთვის სუს-ს 37 საჩივარი ჰქონდა მიღებული და 12 გამოძიება დაწყებული ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეებზე”, – წერია ანგარიშში.

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის მაგალითებად მოყვანილია თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე ივნისში, პარლამენტის მიერ მიღებული რეგულაციები მედიააკრედიტაციის შესახებ თებერვალში, პარლამენტის მიერ დაჩქარებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლების გასაზრდელად ოქტომბერში და სხვა.

ცალკე ქვეთავი ეთმობა ანგარიშში შრომით უფლებებს.

“მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო თვალსაზრისით გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება, შრომითი უფლებები კვლავ პრობლემად რჩება. სუსტია ზეგანაკვეთური შრომის შესახებ რეგულაციები, ხშირია კუთვნილი ხელფასის გადაუხდელობა, მინიმალურია სოციალური დაცვის მექანიზმები, პროფესიულ კავშირებს არ აქვთ სამართლებრივი გარანტიები, რაც მათ მისცემს საშუალებას, ეფექტურად აწარმოონ მოლაპარაკებები სისტემურ ცვლილებებზე”, – წერს HRW და იხსენებს პროტესტსა და გაფიცვებს, რასაც 2023 წელს ჰქონდა ადგილი მეტროს თანამშრომლების, ჟურნალისტების, ექიმების, კულტურის მუშაკების, ქარხნების მუშების, მშენებლობებზე მომუშავე ადამიანების, მაღაროელთა და სხვათა მხრიდან. ყველა ამ პროტესტის მოთხოვნა იყო უკეთესი ანაზღაურება, შრომის პირობების გაუმჯობესება, არსებული შრომითი რეგულაციების შესრულება.

“შრომის ინსპექციის ეფექტურობას აფერხებს რესურსების ნაკლებობა, საზოგადოების მხრიდან ნდობის ნაკლებობა, სისტემური ინსპექციების ჩაუტარებლობა, რაც დარღვევების პრევენციას მოახდენდა”, – წერია ანგარიშში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია 1999 წლიდან და 12-ჯერ ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ხოლო 88.5-ჯერ ჩამორჩება საშუალოდ საცხოვრებელ ხელფასს, რაც 1770 ლარად არის შეფასებული.

ასევე ცალკე ქვეთავი ეთმობა ანგარიშში გენდერული თანასწორობის მხრივ მდგომარეობას ქვეყანაში. ამ თავში HRW მიმოიხილავს 8 ივლისს ჩაშლილ პრაიდ-ფესტივალს, ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიერ, ამ ჯგუფების მხრიდან ვანდალურ ქმედებებს, რაც ხელისუფლებამ ვერც აღკვეთა და არც არავინ დაუკავებიათ.

“ადამიანის უფლებათა 2023-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მარტში მიიღეს, არ ახსენებს ლგბტ ადამიანების უფლებებს, განსხვავებით წინა სტრატეგიისგან. თუმცა კრიტიკის საპასუხოდ, რასაც საქართველოში მოქმედი ჯგუფებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან ჰქონდა ადგილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ გასცა პირობა, რომ თემებს, რომლებიც სტრატეგიას აკლია, სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ასახავს”, – წერია ანგარიშში.

ანგარიში ასევე ასახავს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2022 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ იმის გამო, რომ ტრანსგენდერ პირებს არ აძლევდა უფლებას, შეეცვალათ სქესი ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების გავლის გარეშე.

აპრილში კი გაეროს კომიტეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ გააკრიტიკა ქვეყანაში სამედიცინო მიდგომის არსებობა შშმ პირის სტატუსის განსაზღვრის სისტემაში. ოქტომბერში კი გაეროს წამების პრევენციის სუბკომიტეტმა რეკომენდაცია მისცა ქვეყანას, ციხეებში ნაკლები პატიმრის ყოფნისთვის მეტი აქცენტი გააკეთოს სარეაბილიტაციო პროგრამებზე.

ანგარიშს ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ის ფაქტიც, რომ აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა მათი “კორუფციული საქმიანობის” გამო.

Human Rights Watch დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1978 წლიდან მუშაობს და კერძო პირებისგან, ასევე საერთაშორისო ფონდებისგან ფინანსდება. ორგანიზაცია უარს ამბობს პირდაპირი და არაპირიდაპირი გზებით მთავრობების მხრიდან დაფინანსებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი