ახალი ამბები

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

14 იანვარი, 2020 • 2063
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” 2016 წლის 3 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.

მათი განმარტებით, საინვესტიციო ხელშეკრულება ითვალისწინებს 60-დღიან წინასაარბიტრაჟო ვადას, თუმცა ამ პერიოდში გამართული მოლაპრაკებები არ ითვალისწინებს რაიმე სახითთ ხელშეკრულების აღდგენას და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების ხელშეკრულებას. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია.

“საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივას, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს”, – განმარტებულია განცხადებაში.

დღეს, 14 იანვარს, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კონსორციუმმა მიიღო ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი და ყველა შანსს იყენებს იმისთვის, რომ პროექტი არ გაჩერდეს, ამისთვის კი კონსორციუმის იურისტები ამზადებენ სახელმწიფო გადაწყვეტილების საპასუხო წინადადებას.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კონსორციუმს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, 2020 წლის 9 იანვარს შეუწყვიტეს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიწყო. 2018 წელს კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მალევე კი პროკურატურამ “ფულის გათეთრების საქმეზე” გამოძიება დაიწყო 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო, დაახლოებთ ერთ წელიწადში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე, ბრალი წაუყენა. ამ ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ბრალის წარდგენიდან მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძემ აღნიშნული ქმედება პორტის მშენებლობის ხელშეშლას დაუკავშირეს და კონსორციუმი დატოვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების დრო რამდენჯერმე გადაუვადა.

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი – ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი