ახალი ამბები

ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი – ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

14 იანვარი, 2020 • 1843
ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი – ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა” და პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მათ სურთ, თავიდან აიცილონ კონსორციუმისთვის პორტის მშენებლობის ხელშეკრულების გაწყვეტის საერთაშორისო არბიტრაჟში აცილება. ხაზარაძის აზრით, ეს დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ამის შესახებ ხაზარაძემ საკუთარი, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმის სასამართლო პროცესამდე, დღეს, 14 იანვარს განაცხადა:

“ჩვენ გვინდა ავიცილოთ არბიტრაჟი იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ სულ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ვართ ძალიან სერიოზულად მზად და ყველა ის პირი, ვინც ამ პროექტს ხელი შეუშალა, აგებს პასუხს”, – განმარტა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, კონსორციუმი ჯერ კიდევ იყენებს ყველა შანსს იმისთვის, რომ პროექტი არ გაჩერდეს და ამისთვის კონსორციუმის იურისტები ამზადებენ სახელმწიფო გადაწყვეტილების საპასუხო წინადადებას.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო). ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზა 2017 წელს, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას დაიწყო. 2018 წელს კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა, მალევე კი პროკურატურამ “ფულის გათეთრების საქმეზე” გამოძიება დაიწყო 2008 წელს განხორციელებული საბანკო ტრანზაქციის გამო, დაახლოებთ ერთ წელიწადში კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძე, ბრალი წაუყენა.

ამ ბრალდებას ხაზარაძე-ჯაფარიძე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ბრალის წარდგენიდან მალევე ხაზარაძე-ჯაფარიძემ აღნიშნული ქმედება პორტის მშენებლობის ხელშეშლას დაუკავშირეს და კონსორციუმი დატოვეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის ივნისში, ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხელისუფლებამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების დრო რამდენჯერმე გადაუვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი