ახალი ამბები

უკრაინული თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო – Newsweek

9 იანვარი, 2020 • 1847
უკრაინული თვითმფრინავი ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ჩამოაგდო – Newsweek

ამერიკული მედიასაშუალება Newsweek განსხვავებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი” თეირანის სიახლოვეს შეცდომით ჩამოაგდეს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით. როგორც გამოცემა წერს, ეს ინფორმაცია მათ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურისა და პენტაგონის სამი მაღალჩინოსნისგან ანონიმურად მიიღეს.

Newsweek-ის ცნობით, წყაროებმა მას განუცხადეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემის – Tor-M1-ის გამოყენებით ჩამოაგდეს, რომელსაც NATO-ში Gauntlet-ის სახელით იცნობენ.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, პენტაგონისა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ინციდენტი შეცდომად შეაფასეს, რადგან მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანელი გენერალი ყასემ სოელიმანი 3 იანვარს მოკლა, სხვა მოსალოდენლი თავდასხმების გამო ირანის სარაკეტო თავდაცვის სისტემა, როგორც ჩანს, გააქტიურებული იყო.

Newsweek-მა ამ ცნობების გადამოწმება აშშ-ის სამთავრობო უწყებებთან ოფიციალურად სცადა, თუმცა მათგან კომენტარი ვერ მიიღო.

იმაავე ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ამერიკული ტელეარხი CNN-იც.

“სამუშაო თეორია ეყრდნობა რადარებიდან და სატელიტებიდან მიღებული მონაცემების განგრძობად ანალიზს, ასევე, ელექტრონულ მონაცემებს, რომლებსაც აშშ-ის სამხედროები და დაზვერვა მუდმივად აგროვებს”, – იტყობინება CNN.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნე ლინდემ კი CNN-ს განუცხადა, რომ ისინი “არაფერს გამორიცხავენ”. მან ხაზი გაუსვა ირანის მიერ ჩატარებული გამოძიების გამჭვირვალობას და თქვა, რომ ვერ ხედავს პრობლემას, გამოძიებას უხელმძღვანელოს ირანმა. შემთხვევას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელიც, რომელმაც თქვა, რომ ელოდებიან გამოძიების შედეგებს, თუმცა კატასტროფის შესახებ “შემაშფოთებელ ცნობებს” იღებენ.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების”  ბოინგ 737-800 8 იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

უკვე ცნობილია, რომ გამოძიებისთვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მასალებს – ე.წ. შავ ყუთებს – ირანი არ გადასცემს არც უკრაინასა და არც თვითმფრინავების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია “ბოინგს”. თუმცა ირანში უკვე ჩავიდა უკრაინელი გამომძიებლების ჯგუფი, რომლებსაც გამოძიებაში ჩართვა სურთ.

ავიაკატასტროფის საეჭვო გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ პილოტებს ავიადისპეტჩერებთან არ გაუგზავნიათ განგაშის სიგნალი, არ უთხოვიათ დახმარება და არ უცნობებიათ რაიმე სახის პრობლემის შესახებ. აღნიშნული იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბორტზე ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ამის გაკეთება პილოტებმა, უბრალოდ, ვერ მოასწრეს.

ავიაკატასტროფას მხოლოდ რამდენიმე საათით უსწრებდა ირანის მიერ მეზობელ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვა.

გარდა ამისა, “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა” განაცხადა, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული და შემოწმებული იყო, გარდა ამისა, მას მართავდა გამოცდილი პილოტების გუნში. შესაბამისად, მათთვის ნაკლებად სავარაუდოა პილოტის შეცდომა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ:

ყველაფერი, რაც ვიცით უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი