ახალი ამბები

ყველაფერი, რაც ვიცით უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე

8 იანვარი, 2020 • 4693
ყველაფერი, რაც ვიცით უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების”  ბოინგ 737-800 8 იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი. უკვე ცნობილია, რომ გამოძიებისთვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მასალებს – ე.წ. შავ ყუთებს – ირანი არ გადასცემს უკრაინასა და ბოინგს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

თვითმფრინავი, რეისის ნომრით PS752, თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართლებით 06:12 საათზე აფრინდა, რამდენიმე წუთში კი ჩამოვარდა. ირანულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, მათი თქმით, სამგზავრო თვითმფრინავის ვარდნაა აღბეჭდილი. შორიდან, სიბნელეში გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ ეშვება ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ძირს და ენარცხება მიწას, რის შემდეგაც ჩანს მასშტაბური აფეთქება. ამ ვიდეოს ავთენტურობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

კატასტროფის ბუნდოვანი გარემოებები

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავის კატასტროფას პირველივე საათებში მოჰყვა სპეკულაციები და გაჩნდა ეჭვები, რასაც ხელს უწყობს რამდენიმე ბუნდოვანი გარემოება. კატასტროფის მიზეზებს შორის ცუდი მეტეოროლოგიური პირობები, შეიძლება ითქვას, გამორიცხულია. Flightradar24-ის მონაცემებით, კატასტროფის მომენტში თეირანში კარგი ამინდი იყო, მათ შორის, ნელი ქარი, რაც ფრენას ხელს ვერ შეუშლიდა, ასევე, კარგი ხილვადობა. ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდა  -1 გრადუსი ცელსიუსით, რაც ასევე ვერ შეუშლიდა ხელს თვითმფრინავის ოპერირებას.

ირანში უკრაინის საელჩომ შემთხვევიდან მალევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ავიაკატასტროფის მიზეზებიდან გამორიცხა ტერაქტი, ან მისი რაკეტით ჩამოგდება. მალევე, აღნიშნული განცხადება საერთოდ წაშალეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაქსიმ კოვალენკომ კი თქვა, რომ თვითმფრინავის ძრავის გაუმართაობა შეიძლება იყოს კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა მისივე ნათქვამის მიხედვით, “კატასტროფის მიზეზი შეიძლება საერთოდ სხვა რამ იყოს”.

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება არის ისიც, რომ კატასტროფიდან მალევე, ისე, რომ ჯერ შემთხვევის ადგილიც არ იყო შესწავლილი, ირანელმა მაღალჩინოსნებმა და ასევე ირანის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა დარწმუნებით თქვეს, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა დაკარგა კონტროლი, რის შემდეგაც მგზავრებით სავსე ბოინგი ჩამოვარდა.

ამასთანავე, ირანელმა გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ე.წ. შავი ყუთები. ამ მოწყობილობიდან ერთი სრულად იწერს თვითმფრინავში მყოფი ადამიანების ხმებს კატასტროფის ბოლო წამამდე, მეორე მოწყობილობა კი აგროვებს ტექნიკურ მონაცემებს ლაინერის მუშაობის შესახებ. ამ ორი მოწყობილობის გაშიფვრას ყოველთვის გადამწყვეტი როლი აქვს ავიაკატასტროფის მიზეზის დადგენაში. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ირანის ხელისუფლება ამ მოწყობილობებს გამოსაკვლევად არ გადასცემს არც უკრაინას, რომლის დროშის ქვეშ დაფრინავდა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, და არც ბოინგს. შესაბამისად, ვერც უკრაინა და ვერც თვითმფრინავის მწარმოებელი ამერიკული კომპანია დამოუკიდებლად ვერ შეძლებენ დაადგინონ, რა მოუვიდა სამგზავრო თვითმფრინავს, რასაც 8 იანვარს 176 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი “განსაკუთრებული სიფრთხილით” გამოიძიებენ მომხდარის მიზეზებს, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტები. საზოგადოებას გამოძიების დასრულებამდე სპეკულაციური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საეჭვო გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ პილოტებს ავიადისპეჩერებთან არ გაუგზავნიათ განგაშის სიგნალი, არ უთხოვიათ დახმარება და არ უცნობებიათ რაიმე სახის პრობლემის შესახებ. აღნიშნული იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბორტზე ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ ამის გაკეთება პილოტებმა, უბრალოდ, ვერ მოასწრეს.

ავიაკატასტროფის ადგილი

ავიაუსაფრთხოება ირან-ერაყის მიმართულებით

უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფას რამდენიმე საათით წინ უძღოდა ირანის მიერ ერაყში ორი ამერიკული ბაზის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა. თუმცა ამ ორ მოვლენას შორის კავშირი დადგენილი არ არის. ირანსა და ერაყში სიტუაცია 3 იანვარს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ერაყის დედაქალაქში გავლენიანი ირანელი გენერალი მოკლა, საპასუხოდ კი შურისძიების მუქარა მიიღო ირანისგან.

სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკულ კომპანიებს აუკრძალა ერაყის, ირანის, ასევე სპარსეთისა და ომანის ყურეების საჰაერო სივრცეების გამოყენება. 8 იანვარს კიევში გამართულ ბრიფინგზე “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” წარმომადგენელმა თქვა, რომ ავიაკატასტროფამდე არ მიუღიათ რაიმე ნიშანი შესაძლო საფრთხეების შესახებ, რასაც შეიძლებოდა რეგულარული რეისების შესრულებისთვის პრობლემები შეექმნა. გარდა ამისა, ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო ბოინგმა ჩამოვარდნამდე 2 დღით ადრე, 6 იანვარს, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გაიარა ტექნიკური შემოწმება და რაიმე ხარვეზი არ დაფიქსირებულა. ავიაკომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ უჭირთ ეკიპაჟის წევრების შეცდომაზე საუბარი, რადგან ყველა მათგანს დიდი გამოცდილება ჰქონდა.

ეკიპაჟის მეთაური ვლადიმირ გაპონენკო

8 იანვრის ავიაკატასტროფის შემდეგ “უკრაინის საერთაშორისო ავაიხაზებმა” ირანის მიმართულებით რეგულარული რეისები შეაჩერა. იგივე ნაბიჯი გადადგა არაერთმა მსხვილმა ევროპულმა და აზიურმა კომპანიამ, მათ შორის, ლუფთჰანზამ და ეარ ფრანსმა. ირანსა და ერაყში ვითარების ესკალაციის გამო ამ ქვეყნების საჰაერო სივრცეების გამოყენებაზე დროებით უარს ამბობენ სხვა ავიაკომპანიები, მათ შორის, “მალაიზიის ავიახაზები” და “სინგაპურის ავიახაზები”.

როგორია “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” უსაფრთხოების სტატისტიკა?

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” 1992 წელს დაფუძნდა და 2020 წლის ავიაკატასტროფა პირველია მის ისტორიაში. აქამდე მსგავსი ინციდენტი ამ ავიაკომპანიას არ ჰქონია.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს” გავლილი აქვს IATA-ს (ავიატრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) უსაფრთხოების აუდიტი, რაც ნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებს ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ უსაფრთხოების სტანდარტებს. აღნიშნული ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისა და აზიის მიმართულებით. “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს” უკვე წლებია, მგზავრები რეგულარულად გადაჰყავს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები” ფლობს 41 თანამედროვე თვითმფრინავს (ერთი 8 იანვრის კატასტროფის შედეგად გამოაკლდა): 3 ერთეული დიდი ზომის, შორ დისტანციებზე გათვლილი Boeing 777-200ER, ასევე შორ დისტანციებზე გათვლილი Boeing 767-300ER, საშუალო დისტანციაზე გათვლილი 27 ერთეული ახალი თაობის Boeing 737, საშუალო დისტანციაზე გათვლილი 5 Embraer-190 და ასევე 2 ერთეული Embraer-195.

8 იანვარს თეირანში ჩამოვარდნილი Boeing 737-800 ახალი თაობის სამგზავრო თვითმფრინავია, რომელიც ავიაკომპანიამ პირდაპირ მწარმოებლისგან 2016 წელს შეიძინა. აღნიშნულ თვითმფრინავს საერთო არ აქვს Boeing 737 MAX-თან, რომელიც ქარხნული წუნის გამო ბოინგმა ხმარებიდან საერთოდ ამოიღო. ამ ტიპის თვითმფრინავი “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს” საერთოდ არ ჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი