ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შედგენილი „შავი სიის“ ხუთეული ცნობილია

7 იანვარი, 2020 • 2063
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შედგენილი „შავი სიის“ ხუთეული ცნობილია

პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელმა ინტერპარტიულმა კომისიამ „შავ სიაში“ შეიყვანა ვალერიანე ფილიშვილი [მოსამართლე], გიორგი არევაძე [მოსამართლე], ვაჟა თოდუა [პროკურორი], კახა ბუხრაძე [თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე] და ნუგზარ ჭონქაძე [მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი].

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, სიის სხვა წევრების ვინაობას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ.

გაერთიანებული ოპოზიცია ე.წ. შავი სიის შესაქმნელად გუშინ, 6 იანვარს, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში  შეიკრიბა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, სიაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშული სია დასავლელ პარტნიორებს გადაეცემათ, მისი მიზანი კი იქნება შესაძლო სანქციების დაწესება, რომელიც გულისხმობს როგორც ფინანსურს, ასევე გადაადგილების შეზღუდვას.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმოამდგენლების განმარტებით, შეიქმნება მეორე, დაზარალებული ადამიანების სიაც.

ოპოზიციამ „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისია“ 2019 წლის ბოლოს შექმნა. ოპოზიციის განცხადებით მისი მიზანია, აღრიცხოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, შემდეგ კი პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეთა სია შეიმუშაოს.

ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების სამიზნე პირების სიას მიაწვდის

მასალების გადაბეჭდვის წესი