ახალი ამბები

“ოპოზიცია რჩება ერთიანი” – კომენტარები შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ

8 დეკემბერი, 2020 • 1510
“ოპოზიცია რჩება ერთიანი” – კომენტარები შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ

ოპოზიციური პარტიების, ხელისუფლებისა და დიპლომატების შეხვედრების მე-4 რაუნდის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია ერთიანი რჩება და პარლამენტში შესვლას შეხვედრებში მონაწილე არცერთი პოლიტიკური სუბიექტი არ გეგმავს.

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მემორანდუმიდან, რომელსაც ოპოზიციამ მოაწერა ხელი და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გულისხმობს, არცერთი ოპოზიციური პარტია არ გასულა:

“მინდა საზოგადოებას ვთხოვო, ნუ ინერვიულებენ რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. მე შემიძლია გითხრათ “ლეიბორისუტლი პარტიის” პოზიცია, პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს.

პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ ქართული ოცნება სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის ბანდა. ჩვენ დავაფიქსირეთი იგივე პოიზციები, რომ ახალი არჩევნების გარეშე პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და არავინ გასულა ამ დეკლარაციის ფორმატიდან”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.

“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ რიგ საკითხებში ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პროგრესია, კერძოდ, მისი თქმით, პოზიციები დაახლოვდა საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების საკითხებზე:

“ოპოზიცია არის ერთიანი იმაში, რომ თუ არ იქნება პოლიტიკური შეთანხმება, ოპოზიციური პარტიები გააგრძელებენ ბოიკოტს. ამაში ყველანი ვართ ერთიანი. 4 ძირითადი საკითხია- ეს არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის და ადმინისტრაციის საკითხი.

პირველ ორ საკითხზე დაშორებულები ვართ ერთმანეთისგან, მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით. როცა რეფორმირებაზე ვლაპარაკობთ, მთავარია როგორი კონსტრუქცია ექნება ცესკოს შემდგომი არჩენვებისთვის და ბევრი ტექნიკური საკითხია ამ მიმართულებით. ჩვენ უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვლარაკობთ, ვიდრე თამარ ჟვანია გადადგება თუ არა. ვსაუბრობთ ყველა საკითხზე. პერსპექტივა აქვს მანამ, სანამ დიალოგი გრძელდება. რახან დიალოგი გრძელდება, პერსპექტივაც არის” ,- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე კი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” პოზიციებს არ გაახმოვანებს, რადგან ფასილიტატორებისგან იყო თხოვნა შეხვედრის შესახებ დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავებაზე:

“რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე ფუნდამენტური სხვაობაა პოზიციების და შეთანხმების რესურსი არ ჩანს. ამის გარეშე ჩვენი პარტია არ განიხილავს კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. ოპოზიციისთვის მთავარ სკითხებში ფუნდამენტური განსხვავებაა, საარჩევნო გარემოსთან და სისტემასთან დაკავშირებით გარკვეული კონტურები არსებობს, რომ რაღც საკითხებზე შეთანხმება შედგეს” ,- ამბობს დავით ბაქრაძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე კი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარლამენტში შესვლას გეგმავდა:

“სიახლე იყო მათი მხრიდან საარჩევნო სისტემებზე საუბარი. ეს არ იყო ჩვენი პოზიციები, ამას ისინი განიხილავენ. სანამ შეთანხმება არ მოხდება, პარლამენტში შესვლას არავინ განიხილავს. ყველა ის საკითხი დგას ჩვენთვისაც, რაც იდგა თავიდანვე. თუ ამ საკითხებზე შეთანხმება არ მოხდა, თუ არ დათანხმდა “ქართული ოცნება” საკითხებ, ჩვენ არ განვიხილავთ პარლამენტში შესვლას” ,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი პოზიცია აქვს ალეკო ელისაშვილსაც, რომელიც აღნიშნავს, რომ “მოქალაქეები” ოპოზიციური ერთობის ერთგული არიან და პარლამენტში შესვლას არ ისინი განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი