ახალი ამბები

კოორდინებულ მოქმედებაზე შევთანხმდით — ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივაში ერთვება

15 დეკემბერი, 2021 • 1389
კოორდინებულ მოქმედებაზე შევთანხმდით — ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივაში ერთვება

ოპოზიციამ ერთობლივი შეხვედრების და კოორდინაციის ფორმატი განაახლა.

ოპოზიციის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი, მოსალოდნელი პოლიტიკური დაკავებები და საპასუხოდ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 16 დეკემბერს, დაესწრებიან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესს და ბრალდებულებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

“ერთი მხრივ, პრეზიდენტისგან გვესმის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი პოლარიზაციის დასრულების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც, ყველანაირი კითხვის ნიშნების მიუხედავად, გვაქვს ინტერესი და მზაობა, დაიწყოს საუბარი. ჩვენი მხრიდან ამას არავინ დაბლოკავს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ხელოვნურად დაჩქარებული, პოლიტიზებული პროცესები, რომლებიც, ჩვენი მოლოდინით, მალე დასრულდება პოლიტიკური ლიდერების და ტელევიზიის ხელმძღვანელების მორიგი დაკავებებით.

თუ “ქართულ ოცნებას” აქვს ილუზია, რომ ამით ოპოზიცია დასუსტდება, პირიქით. ჩვენ ვართ ერთიანი ამ საკითხში და შეუძლებელია ოპოზიციაში კონფლიქტის შემოტანა, იმიტომ, რომ გარდა ადამიანური თანადგომისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, როდესაც ამ ფონზე გრძელდება პოლიტიკური პროცესები. შევთანხმდით ძალიან კონკრეტულ, კოორდინებულ მოქმედებაზე როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე, ქვეყნის შიგნით რეაგირების კუთხით”, — განაცხადა შეხვედრის შემდეგ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის შეხვედრა. ფოტო: “ლელოს” ფეისბუქ გვერდიდან

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ “ოპოზიციის უმეტესობა” წარმოდგენილი იქნება ხვალინდელ მიღებაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესის გამო მიღებას შეიძლება, არ დაესწროს “ლელო”.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია, ერთი მხრივ, ეცდება, რომ პოლარიზაციის შემცირების ყველა გზა გამოიყენოს, მეორე მხრივ, არ მისცემს პრეზიდენტს არგუმენტს უცხოელ პარტნიორებთან, რომ ის ეცადა კონსტრუქციული პროცესის დაწყებას და ოპოზიციამ ამაზე უარი განაცხადა.

10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ წამოიწყებს “ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”.

ხვალ, 16 დეკემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას, რომელიც 21 დეკემბერს იგეგმება, სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის თქმით, ისინი ინდივიდუალურად შეუერთდებიან აქციას, თუმცა ეს არ იქნება პარტიული მონაწილეობა, რადგან აქციის ორგანიზატორი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობაა”.

ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე პარლამენტში მივიდნენ, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველს” განუცხადა, რომ საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს შეეხო.

“პოზიციები არ შეგვიჯერებია. უბრალოდ, გვინდოდა მოგვესმინა, საჯარო სივრცის გარეშე რა უნდა “ქართულ ოცნებას”, — თქვა მან.


პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.

“როცა არ უნდა მივიღოთ [საკონსტიტუციო ცვლილებები], ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებისთვის ოპოზიციას ისეთი წინაპირობები წაუყენა, როგორიცაა აქციების შეწყვეტა, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, დღის წესრიგის და რიტორიკის შეცვლა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი