ახალი ამბები

ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების სამიზნე პირების სიას მიაწვდის

25 დეკემბერი, 2019 • 1165
ოპოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას სანქციების სამიზნე პირების სიას მიაწვდის

ოპოზიციამ “პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი ინტერპარტიული კომისია” შექმნა, რომლის მიზანია, აღრიცხოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები, შემდეგ კი პოლიტიკურ რეპრესიებში მონაწილეთა სია შეიმუშაოს.

ინტერპარტიული კომისია აღნიშნულ სიებს საერთაშორუსო საზოგადოებას გადასცემს და მეორე სიაში შესული მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

“ორი საკითხი იქნება განსახილველი დღეს. პირველი, ეს არის პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების სია, რომელიც ეხება 20 ივნისის შემდეგ დაპატიმრებულებს. ამ სიას გადავცემთ საერთაშორისო პარტნიორებს. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, გადავცეთ იმ მოძალადე პროკურორებისა და პოლიციელებისგან შემდგარი სია, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ რეპრესიებში, რომელშიც ვცხოვრობთ. საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ ვთხოვთ, მათზე დაწესდეს სანქციები, იქნება ეს ფინანსური, თუ შეზღუდვები ვიზის გაცემაში”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა.

ინტერპარტიული კომისიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა დაასახელა რამდენიმე ადამიანი, რომელზეც ოპოზიცია საერთაშორისო სანქციების შეტანას მოითხოვს, მათ შორისაა, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი