ახალი ამბები

არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად — სააკაშვილი ივანიშვილს

29 ოქტომბერი, 2020 • 1102
არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად — სააკაშვილი ივანიშვილს

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თბილისში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე შეკრებილებს უკრაინიდან სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველი არ იბრძვის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსისთვის, არამედ კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად.

“თქვენ არ იბრძვით არცერთი პოლიტიკოსისთვის, თქვენ არ იბრძვით სააკაშვილისთვის, თქვენ იბრძვით იმისათვის, რომ გქონდეთ ნორმალური პენსია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა არ წავიდეს ქვეყნიდან, რომ საქართველოს ჰქონდეს განსაკუთრებული პერსპექტივა, რომ ვერც ერთმა ფულის ტომარამ ვერ გადაწყვიტოს, რომ თქვენზე უფრო ჭკვიანია, რადგან უფრო მეტი ფული აქვს”, – თქვა სააკაშვილმა.

მისივე განცხადებით, ქართველები განსაკუთრებული ხალხია და 31 ოქტომბერს ქვეყანა უნდა გაერთიანდეს.

“ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ვართ განსაკუთრებული ქვეყნის განსაკუთრებული შვილები, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გენი, ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, ნიჭიერები, გამბედავები, შეუპოვრები და გიჟები სწორი გაგებით. იმიტომ, რომ მე გიჟს მეძახდნენ, ჩვენ ვართ გიჟები, როცა საქმე ეხება ძალიან დიდ ამბებს. მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, 31-ში ჩვენ დავიწყებთ ქვეყნის გაერთიანებას”, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს.

მიხეილ სააკაშვილმა მიმართა ქართული ოცნების მხარდამჭერებს და გაერთიანებისკენ მოუწოდა.

“გავუწოდოთ ერთმანეთს ხელები, გუშინ ჩვენ ვიყავით მოწინააღმდეგეები, ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვიქნებით”, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს და თქვა, რომ არჩევნების შემდეგ მათ “არავინ შეეხება”.

“თქვენ ზიხართ იმ შენობებში, რომლებიც ჩემი აშენებულია, თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომლებიც თავის დროზე დაგინიშნეს, მაგრამ არ გაგეზარდათ. მე თქვენს მხარეზე ვარ, თქვენ არავინ შეგეხებათ, თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, მიუხედავად იმისა, თუ რა იყო წინა წლებში. თქვენი გამოცდილება არის ოქროს ფასი. ჩვენ ერთად ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას” ,- განაცხადა ვიდეო-ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, მისი ამოცანა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა:

“საერთოდ არ მაინტერესებს არცერთი კაბინეტი. მაინტერესებს, რომ ვამაყობდეთ ჩვენი ქვეყნით, რომ საქართველო ძალიან სწრაფად წავიდეს წინ. რომ ხალხს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება და აღარ იყოს შიმშილი, როგორც დღეს. ავაშენოთ ლაზიკა, შევქმნათ ახალი ტექნოლოგიები.”

სააკაშვილმა მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პასუხი იქნება ძალიან მკაცრი და დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

“არ წაგიცდეს ხელი გაყალბებაზე, გაყალბებაზე იქნება პასუხი ძალიან მკაცრი. გაყალბებაზე პასუხი იქნება ღირსება, შეტევა და ხალხის მიერ ხელისუფლების ხელში აღება ძალიან სწრაფად და პასუხი გაგეცემა ძალიან მკაცრად”, – აღნიშნა სააკაშვილმა. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვებამდე რამდენიმე საათიღა დარჩა.


გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრა დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართა. აქციის მონაწილეებს პარტიის წარმომადგენლებმა დაურიგეს პირპადეები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დაცული იყო სოციალური დისტანცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი