ახალი ამბებისაზოგადოება

2020 წელს მოსალოდნელი 6 მნიშვნელოვანი მოვლენა

3 იანვარი, 2020 • 7735
2020 წელს მოსალოდნელი 6 მნიშვნელოვანი მოვლენა

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ 2020 წელს მოსალოდნელი მნიშვნელოვანი მოვლენების ექვსეულს.

საეტაპო არჩევნები

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება – დიდი ალბათობით, მთელი წლის განმავლობაში პროცესები სწორედ ამ მთავარი პოლიტიკური მოვლენით იქნება განპირობებული. გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უკან წაიღო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პროტესტის ჩაქრობის მიზნით, გაცემული და უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული დაპირება 2020 წლის არჩევნებისთვის ე.წ. ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერის და სრულად პროპორციული სისტემის შემოღების თაობაზე, დღეის მდგომარეობით, პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 77 დეპუტატი – პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების მედიატორობით, გრძელდება საარჩევნო სისტემაზე  მოლაპარაკებები, რომლის მე-5 რაუნდიც 2020 წლის იანვარში იგეგმება.

საარჩევნო სისტემაზე დიდწილად არის დამოკიდებული ის, თუ რა კონფიგურაციით დაკომპლექტება მე-10 მოწვევის პარლამენტი. ნიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის წარმომადგენელი ლევან ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ შერეული  სისტემის პირობებში “ქართულ ოცნებას” უფრო გაუადვილდებოდა  ხელისუფლების შენარჩუნება პროპორციულ სისტემასთან შედარებით, ვინაიდან პროპორციული სისტემა პირდაპირპროპორციულად ასახავს ამომრჩევლის ნებას, ხოლო შერეული სისტემა მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს უფრო მეტი მანდატი, ვიდრე საზოგადოებაში მისი მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელია.

“ამიტომაც “ოცნებას” აწყობს შერეული სისტემა, თუმცა მთავარი ამოცანა მომავალი არჩევნებისთვის, ჩემი აზრით, არის დიდი რაოდენობით გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობა. ამ ეტაპისთვის, როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას, არ გააჩნია მკაფიო და საკმარისად ფართო მიზიდულობის მქონე საარჩევნო გზავნილი, რომ ამ ამომრჩეველზე უკეთ იმუშაოს. ეს არის მთავარი გამოწვევა – უფრო ოპოზიციისთვის, ვინაიდან, სამწუხაროდ, მმართვველი პარტიის ხელშია განუსაზღვრელი რესურსები, ადმინისტრაციული იძულების მექანიზმები. მაგრამ ჩვენ ვუახლოვდებით გადამწყვეტ საეტაპო არჩევნებს – ხელისუფლების 2-ციკლიანი პერიოდის დასასრულს, რომელიც ტრადიციულად დამახასიათებელია საქართველოსთვის და ხანდახან პოლიტიკაში დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ აგებ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რამდენ ფულს დახარჯავ, რამდენ ძველ ბიჭს გამოიყვან ქუჩაში, რა მეთოდებს გამოიყენებ… შესაძლოა, იყოს კიდეც ასეთი არჩევნები. გამარჯვება არავის უჭირავს ხელში”, – ამბობს ცუცქირიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, ლევან ცუცქირიძე ხაზს უსვამს, რომ მთავარი ბრძოლა ოპოზიციასა და მთავრობას შორის იქნება, თუმცა ჯერ უცნობია, ოპოზიცია რა კონფიგურაციით წარდგება არჩევნებზე. შერეულ საარჩევნო სისტემაში ბლოკების დასაშვებობის პირობებს ცუცქირიძე შესაძლებლად მიიჩნევს დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნისათვის.

ამ ალბათობას არ გამორიცხავს თავად ოპოზიციაც. “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ სავარაუდო გეგმებზე საუბრისას თქვა, რომ არჩევნებზე ოპოზიცია შეიძლება გამოვიდეს ერთი ტექნიკური სიით, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, გამარჯვებიდან 2-3 თვეში კი ტექნიკური მთავრობა დანიშნავს პროპოციულ, სამართლიან არჩევნებს და “ყველა თავისი გზით წავა”.

უფრო ადრე უგულავა ასევე საუბრობდა არჩევნების ჩაშლის სცენარზეც, რომლის შემდეგაც, 45 დღეში უკვე კონსტიტუციით დაინიშნება პროპორციული არჩევნები.

“მთავარი წნეხი ხელისუფლებაზე არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს. რამდენადაც ვიცი, საერთაშორსო საზოგადოების მოთხოვნაც ეს არის და, იმედია, დიდ სადამკვირვებლო მისიებს გამოაგზავნიან და ქართული არასამთავრობო სექტორიც კარგად ორგანიზებული იქნება. მთავარია არჩევნების კარგად ჩატარება არა მარტო არჩევნების დღის და ხმების დათვლის თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების, მედიის თავისუფლების, პლურალიზმის დაცვის, გამოხატვის თავისუფლების გარანტირებით და ყველაფერი იმით, რაც ხდება არჩევნებამდე, იმიტომ, რომ არჩევნების  ბედი, როგორც წესი, წყდება არჩევნებამდე, თორემ კენჭისყრის დღეს ბიულეტენებს აღარავინ ყრის კოლოფებით ყუთებში. პოსტსაარჩევნო პერიოდში სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი იქნება ლეგიტიმაციის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალადობა, დაპირისპირება, სამოქალაქო მღელვარება მთელ მსოფლოში თან სდევს ხოლმე პოსტსაარჩევნო პერიოდს. წესით, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავს იმას, რომ წააგოს არჩევნები და თქვას, მოვიგეო. ასე თუ მოხდება, ვიცით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ამიტომ ამდენი გონიერება თვითგადარჩენისთვის მაინც უნდა ეყოს პროცესის ყველა მონაწილეს”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

ევრო 2020 – ისტორიული შანსი

2020 წელი დამოუკიდებელი საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მონაწილეობისაგან სულ 2 გამარჯვება აშორებს და მისი მოწინააღმდეგეები არა ევროპული ფეხბურთის TOP გრანდები, არამედ დაახლოებით მისი დონის გუნდები იქნებიან.

საქმე ის არის, რომ საქართველომ უეფას მიერ ახლად შექმნილი ერთა ლიგის ქვედა ჯგუფში გაიმარჯვა და ევრო 2020-ის დარჩენილი 4 საგზურისთვის პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

პლეიოფის მატჩები 2020 წლის მარტში გაიმართება, ზაფხულში კი უკვე ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს.

საქართველოს მეტოქე პლეიოფში ბელარუსია, ხოლო მასთან გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფის ფინალს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

საქართველოს კენჭისყრისას გაუმართლა და როგორც ნახევარფინალს, ასევე ფინალს – თბილისში უმასპინძლებს, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ.

საქართველოსა და ბელარუსს ერთმანთთან სულ სამჯერ უთამაშიათ. აქედან ერთი საქართველომ მოიგო, ერთი – ბელარუსმა, ერთი კი ფრედ დამთავრდა.

“ჩვენ ამ მატჩისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადებით, ეს რთული თამაში იქნება ჩვენთვის”, – ამბობს ბელარუსის მთავარი მწვრთნელი მიხაილ მარხელი.

“ასეთ თამაშებში ვერ იტყვი, რომ სახლში თამაში გადამწყვეტი უპირატესობაა, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ერთი თამაშია. ზოგჯერ ტრიბუნებიდან მომდინარე ზეწოლას მოთამაშეებზე ეფექტი აქვს”, – აცხადებს ბელარუსის მწვრთნელი.

„ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ისტორიული შესაძლებლობა ქართული ფეხბურთისთვის. მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გადავწეროთ მისი ისტორია“, –  პირველი არხის ცნობით, ეს საქართველოს მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის კომენტარია.

ფიფას რეიტინგში საქართველო 91-ე ადგილზეა, ბელარუსი – 87-ზე, კოსოვო 115-ე პოზიციაზეა, ჩრდილოეთ მაკედონია კი – 68-ზე. თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს რეიტინგები ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დასრულებულ შესარჩევებში კოსოვომ, რომელსაც ამ 4 გუნდში ყველაზე უარესი რეიტინგი აქვს, დაამარცხა მონტენეგრო, ბულგარეთი და ჩეხეთი, ხოლო ინგლისს 3 გოლი გაუტანა ლონდონში, თუმცა მაინც წააგო 5-3.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩის წინ მსოფლიოს წამყვანი ბუკმეიკერები მცირე უპირატესობას საქართველოს ანიჭებენ, ხოლო მეორე ნახევარფინალში – ასევე, მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას.

ვაკანტური ადგილები მართლმსაჯულების სისტემაში

2019 წლის ერთ-ერთი ხმაურიანი პროცესი, რომელიც მოსამართლეების დანიშვნას ეხებოდა, 2020 წელსაც გაგრძელდება. საქართველოს უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან უნდა დაკომპლექტდეს. პარლამენტმა 2019 წლის 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა 14 მოსამართლე. მალევე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ 6-კაციანი სია წარადგინა, რომელიც პარლამენტმა 2020 წელს უნდა განიხილოს.

ამასთან, ვაკანტურია ორი სასამართლოს – საკონსტიტუციოს და უზენაესის – თავმჯდომარის პოსტები. კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ჩაიბარებს. ეს ამბიცია თავად შალვა თადუმაძემაც დაადასტურა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ოპოზიცია ეჭვობს, რომ ამ უმნიშვნელოვანესი უწყების თავმჯდომარედ, ასევე, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დაინიშნება, რომელიც თანამდებობიდან 2018 წლს 31 მაისს, გადადგა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოც. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც ის ნინო გვენეტაძემ დატოვა. ამ დროისთვის თავმჯდომარის ფუნქციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ითავსებს.

სასამართლო სისტემის გარდა, ერთ-ერთი მთავარი საკადრო გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის არჩევას შეეხება. ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდა.

EaP-ის სამიტი და ევროინტეგრაცია

2020 წლის ივნისში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება. მოსალოდნელია, რომ სწორედ აღნიშნულ სამიტზე გამოიკვეთება, რა მიმართულებით განვითარდება აღმოსავლეთ პარნტიორობის სამეზობლო პროგრამა, რომლის მონაწილეები საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა არიან.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი მთავარი მოვლენა იქნება.

“უკვე დაწყებულია პროცესი, როცა ევროკაშირი აპირებს გადახედოს აღმოსავლეთ პარტნიორობას და ვნახოთ, რა შემოთავაზებები იქნება. პროგრამის მომავალთან დაკავშირებით ახალი შემოთავაზება, სავარაუდოდ, სწორედ 2020 წლის ივნისში გაჟღერდება”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჩხიკვაძემ.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ე.წ. ევროპული ტრიოს პროცესის შემოღების შესახებ პირველად წარადგინა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ დისკუსიაზე “ჩვენი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის”.

“ტრიო +” – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის სტრატეგია

ვანო ჩხიკვაძის თქმით, “ტრიო +”-ის ინიციატივა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე დღეს არსებული ფორმატი, რადგან უფრო მეტი აქცენტი გაკეთებულია დიფერენციაციაზე და ინდივიდუალურ მიდგომებზე. ჩხიკვაძის თქმით, დღესდღეობით ევროკავშირს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, მხარს დაუჭერს თუ არა აღნიშნულ ინიციატივას.

“ღია საზოგადოების ფონდის” ექსპერტი ამბობს, რომ 2020 წელი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების და რეგულაციების უმეტესი ნაწილის ძალაში შესვლის თვალსაზრისით. ვანო ჩხიკვაძე განსაკუთრებით გამოყოფს 4 დირექტივას, რომელსაც ფართო სოციალურ ხასიათი ექნება და ბევრ ადამიანს შეეხება:

  • სამშენებლო სტანდარტები და უშუალოდ სამშენებლო პროდუქციის სტანდარტების ევროპულთან დაახლოება;
  • ავტომობილების ტექნიკური  დათვალიერების გამკაცრება (კატალიზატორების სავალდებულოობის მიმართულებით);
  • სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივა
  • სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობის საოჯახო მეურნეობებზეც გავრცელება.

რუსეთ-საქართველოს ომის სასამართლო განხილვები

2020 წელს, შესაძლოა, ცნობილი გახდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დავაზე. საქართველომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისო სარჩელი ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა. იმავე წლის დეკემბრეში სტრასბურგის სასამართლოს პალატამ სარჩელი დასაშვებად ცნო, 2012 წლის 3 აპრილს კი საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა და სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოლოდინია, რომ გადაწყვეტილება 2020 წელს გახდება ცნობილი.

“აგვისტოს ომის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ აქვს განსაზღვრული ვადები.  ქართულ მხარეს აქვს იმედი და მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2020 წელს იქნას მიღებული, რადგან ბოლო ზეპირი მოსმენა საქმეზე 2018 წლის 23 მაისს გაიმართა და მას შემდეგ საკმარისი დროა გასული იმისთვის, რომ საქართველოს გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი 2020 წლისთვის ჰქონდეს”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” იუსტიციის სამინისტროში.

სტრასბურგის სასამართლოს გარდა, რუსეთ-საქართველოს ომის საქმეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოც (ICC) განიხილავს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან გამართულ შეხვედრაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია  და არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დადგეს. ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.

ანაკლიის პორტის ბუნდოვანი მომავალი

აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი? ვინ ააშენებს? დაიწყება თუ არა მთავრობასა და ანაკლიის კონსორციუმს შორის სამართლებრივი დავა? – ეს ის შეკითხვებია, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად პასუხი 2020 წლის განმავლობაში უნდა გაეცეს. მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო პაექრობაშიც ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იქნება.

მანამ, სანამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი პორტის მომავალთან დაკავშირებით, თვალი გადავავლოთ 2019 წელს ამ კუთხით განვითარებული პროცესებს.

2019 წლის 8 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან გარკვეული ტიპის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო.  საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას.

ფულის გათეთრების ბრალდებით დაწყებული გამოძიების საქმეში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ერთ-ერთი ფიგურანტი ავთანდილ წერეთელია, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამაა. გამოძიების ცნობით, ავთანდილ წერეთლის კომპანიებს “თიბისი ბანკმა”  2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი ასესხა. მოგვიანებით კი ეს ფული გაიდაირიცხა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე. თავის მხრივ, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არიან იმ კონსურციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლები, რომელმაც ანაკლიაში პორტი უნდა ააშენოს.

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას მამუკა ხაზარაძემ ახსენა მუქარის წერილი, რომელიც, მისი თქმით, შუამავლის მეშვეობით გიორგი გახარაისგან მიიღო. გახარია უარყოფდა წერილის გაგზავნის ფაქტს და ამბობდა, რომ წერილებს არ აგზავნის.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. დაწყებული გამოძიების შემდეგ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოუხდათ. ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის ოჯახის წევრს, ავთანდილ წერეთელს.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ასევე დატოვეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. მას შემდეგ პროექტი რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა დატოვა. 31 დეკემბერს ამოიწურა საბოლოო ვადა, როცა კონსორციუმმა მთავრობას ახალი პარტნიორების შესახებ ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარედგინა. საქართველოს მთავრობამ მომხდარის შესახებ მთავრობის სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

ამავე წლის ოქტომბერში მამუკა ხაზარაძემ დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”, მოგვიანებით კი, ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია.

მამუკა ხაზარაძე და ბაფრი ჯაფარიძე აცხადებდნენ, რომ მათ პროექტის ფინანსურ დახურვაში ხელი საქართველოს ხელისუფლებამ შეუშალა სისხლისსამართლებრივი დევნით და მიუხედავად ამისა, კონსორციუმმა მაინც მოახერხა რამდენიმე ახალი ინვესტორის მოძიება, თუმცა მთავრობასთან შეთანხმება ვერ მოხდა. მთავრობა კი აცხადებდა, რომ კონსორციუმს ყველანაირად შეუწყვეს ხელი პროექტის ფინანსური უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, ვალდებულებების გადავადებების ნაწილში.

ამავე თემაზე

2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

მასალების გადაბეჭდვის წესი