ახალი ამბები

2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

31 დეკემბერი, 2019 • 4421
2019 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ 2019 წლის განმავლობაში მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარ ეპროცესებზე გავლენა მოახდინა.

“თიბისი” ბანკის საქმე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

8 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან გარკვეული ტიპის ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო.  საქმე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება.

ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ფიგურანტი ავთანდილ წერეთელია, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის, ვახტანგ წერეთის მამაა. გამოძიების ცნობით, ავთანდილ წერეთლის კომპანიებს “თიბისი ბანკმა”  2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი ასესხა. მოგვიანებით კი ეს ფული გაიდაირიცხა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე.

პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ამ საკითხზე საუბრისას მამუკა ხაზარაძემ ახსენა მუქარის წერილი, რომელიც, მისი თქმით, შუამავლის მეშვეობით გიორგი გახარაისგან მიიღო. გახარია უარყოფდა წერილის გაგზავნის ფაქტს და ამბობდა, რომ წერილებს არ აგზავნის.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. დაწყებული გამოძიების შემდეგ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვება მოუხდათ. ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის ოჯახის წევრს, ავთანდილ წერეთელს.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ასევე დატოვეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობები. მას შემდეგ პროექტი რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა დატოვა. 31 დეკემბერს იწურება საბოლოო ვადა, როცა კონსორციუმმა მთავრობას ახალი პარტნიორების შესახებ ინფორმაცია და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოს.

ამავე წლის ოქტომბერში მამუკა ხაზარაძემ დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო”, მოგვიანებით კი, ამავე სახელწოდების პოლიტიკური პარტია.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება

31 იანვარს “ფეისბუკის” ერთ-ერთი მომხმარებლის კედელზე საჯაროდ აიტვირთა პარლამენტარ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. თავად ბესელია ამბობდა, რომ ეს მოვლენა მის მიერ ე.წ. სასამართლოს ჯგუფთან კონფლიქტში შესვლას დაემთხვა

კერძოდ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული სია კომიტეტის სხდომაზე განსახილველად არ გაიტანა, შემდეგ კი თავმჯდომარის პოსტი დატოვა, რითაც მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი დროში გახანგრძლივდა.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება) დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე წარმოება თავდაპირველად 18 პირის მიმართ დაიწყო, რომლებმაც ფეისბუკზე გავრცელებული კადრები სოციალურ ქსელში სხვა პირებს გაუზიარეს.

23 ივლისს შსს-მ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ გამოავლინეს პირი, რომელმაც პირველად გაავრცელა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ბრალდებული სასჯელს სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა საქმეზე იხდის, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვება

2019 წელს “ქართული ოცნების” უმრავლესობა 24-მა დეპუტატმა დატოვა. მათმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამო მიიღო, ნაწილმა კი გააპროტესტა ამა თუ იმ კანონპროექტის ჩავარდნა, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

დეპუტატებს შორის, რომლებმაც უმრავლესობა წელს დატოვეს, არიან: ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვილშვილი, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, ლევან კობერიძე, თამარ ჩუგოშვილი, მარიამ ჯაში, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, ირინა ფრუიძე, გიგა ბუკია, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, ალექსანდრე ერქვანია, ოთარ ჩრდილელი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, კაკი ზოიძე, გიორგი მოსიძე.

ამასთან, 2019 წელს პარტიიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა.

სოციალური პროტესტები

სოციალური მუშაკები 25 მარტს გაიფიცნენ. სოცმუშაკები წინასაგაფიცვო პროცესში დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იყვნენ, რა დროსაც სამინისტროსა და სოცმუშაკებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო. თუმცა 21 მარტს სოცმუშაკებმა განაცხადეს, რომ მედიაცია უშედეგოდ დასრულდა და სამინისტრო მათ მოთხოვნებს, მათ შორის, დარეგულირებულ გრაფიკსა და ტრანსპორტზე გამოყოფილ ფინანსურ რესურსს, არ შეასრულებს.

სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ, 2 აპრილს, სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მიუხედავად გაფიცვის შეწყვეტისა, სოციალურმა მუშაკებმა მიიღეს გადაწყვეტილება პროფესიული კავშირის დაფუძნების შესახებ და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმება ვერ მოხდა, მუშაობა კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში გაგრძელდება.

გარდა ამისა, 2019 წელს გაიფიცნენ ჭიათურაში დასაქმებული მაღაროელებიც. ჭიათურაში “ჯორჯიან მანგანეზის” სამთო-გამამდიდრებელი კომბინანტის 3 200-მდე თანამშრომელი 11 დღის მანძილზე იყო გაფიცული. ისინი ხელფასის საწყის ეტაპზე 30 პროცენტით, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 პროცენტით გაზრდას ითხოვდნენ. გაფიცულების ნაწილი შიმშილობდა. გაფიცვა 27 მაისს შეწყდა, კომპანიამ გაფიცულებს პირობა მისცა, რომ პირველი ივნისიდან მათი ხელფასები 25%-ით გაიზრდება, 1 წლის შემდეგ კი- 10%-ით.

დავითგარეჯი

25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა  უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ ჰქონდათ. აღნიშნულ საკითხზე მხარეებს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიები შეიქმნა. პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

19 მაისს თბილისსა და რეგიონების ნაწილში არჩევნები გაიმართა. თბილისში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, ლადო კახაძე აირჩიეს.

ასევე მერები აირჩიეს მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ამავე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

ზუგდიდში კენჭს იყრიდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სანდრა რულოვსი, რომელიც “ქართული ოცნების” გეგა შენგელიასთან დამარცხდა.

20 ივნისის დარბევა და საპროტესტო აქციები

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის” სესიას რუსულ ენაზე გაუძღვა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რასაც ოპოზციისა და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებმა მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია.

დარბევისას დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნდათ და პროტესტს აგრძელებდნენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. პერმანენტული აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გრძელდებოდა.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს ფორმატი “ყველა ერთის წინააღმდეგ” და რამდენჯერმე სცადეს პარლამენტის პიკეტირება. აქციები სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით რამდენჯერმე დაშალა.

ტურისტული ემბარგო

2o ივნისის შემდეგ თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა გაუუქმა, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ.

რუსეთთან ავიამიმოსვლა ამ დრომდე არ აღდგენილა.

პროპორციულის დაპირება და ჩაგდება

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

პოლიტიკოსების, ტელევიზიის მფლობელების და აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები

“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი ნიკა მელია ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთა მიმართაც გამოძიება დაიწყო. გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის.

ამავე საქმეზე დაკავებულია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, ნიკა მელია “ქართუს საქმეზე” დამნაშავედ ცნეს და სანქციად ფულადი ჯარიმა, ასევე, თანამდებობრივი შეზღუდვა დაუწესეს. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის დროს ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეში მონაწილეობდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს.

გარდა ამისა, გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა 11 დეკემბერს განაცხადეს, რომ უცნობი პირები მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ გაფრენის დარბაზში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-მ კი გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგი უგულავას ბრალი ძიუდოისტ გავაშელიშვილის ცემაში წაუყენეს. გიგი უგუგლავა ამბობს, რომ ეს არის პროვოკაცია, აქამდე არ იცნობდა აღნიშნულ პირებს და ჩხუბი სწორედ მათ წამოიწყეს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი აღბეჭდილი იქნება სათავლთვალო ვიდეოკამერებზე.

5 დეკემბერს კი “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიას გამოკითხვაზე დაბარება უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.

გიგა ბოკერია ამბობდა, რომ საქმეზე, რაზეც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, ბოლოს დაკითხეს 2014 წელს.

წელსვე დააკავეს “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა, რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას ედავება. რურუა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ იარაღი “ჩაუდეს”. როგორც რურუას ადვოკატმა განაცხადა, ამოღებულ იარაღზე არ აღმოჩნდა რურუას ანაბეჭდები, ასევე, მის ტანსაცმელზე არ იყო მეტალის ნაწილაკები.

“მთავარი” არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიას კი პროკურატურა დირექტორობის პერიოდში “რუსთავი 2-ის” ქონების გაფლანგვას ედავება.

ამასთან, პატიმრობაში რჩებიან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი.

თბილისი პრაიდი

2019 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც, ლგბტქ+ პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ ღირსების მარში“ გამართეს.

ღირსების მარში “თბილისი პრაიდის” დასკვნითი ღონისძიება იყო. ორგანიზატორებმა ის რამდენჯერმე გადადეს, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილად შსს აირჩიეს. აქტივისტები განმარტავენ, რომ შსს უნდა იყოს ის უწყება, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.

რუსთავი 2-ის საქმე და ახალი ტელევიზიების შექმნა

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2-ის” საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია დატოვა თანამშრომელთა ნაწილმა, არხის სახეები კი ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ გაათავისუფლა. არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” ეთერში თითქმის 2 თვე არ გადიოდა.

რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “მთავარი არხი” შექმნა, “ფორმულა კრეატივმა” და დავით კეზერაშვილმა კი ტელეკომპანია “ფორმულა” დააფუძნეს.

ახალგორის ბლოკადა

ცხინვალის რეგიონთან სულ სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა, რომელთაგან ორი რამდენიმე თვეა ჩაკეტილია. გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ განსაკუთრებთ დააზარალა ახალგორის მოსახლეობა, რომლებიც ვერც ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას იღებენ და სხვადასხვა ცნობებით, ადგილზე საკვების დეფიციტიცაა.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალი წლის დღეებში პერევიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელ ერთადერთ გამშვებ პუნქტსაც დაკეტავენ.

ადგილობრივი სააგენტოს ინფორმაციით, გამშვები პუნქტი 30 დეკემბერს, 20:00 საათისთვის ჩაიკეტება და 3 იანვარს, 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აღნიშნულ პუნქტს ადგილობრივი მოსახლეობა ფეხით გადასაადგილებლად იყენებს.

გიორგი გახარიას დანიშვნა პრემიერ-მინისტრად

2019 წლის სექტემბერში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის დასახელებას წინ უძღოდა 2 სექტემბერს გამოქვეყნებული მამუკა ბახტაძის ფეისბუკპოსტი გადადგომის შესახებ, ხოლო მმართველი პარტიის ოფისში დილის 9 საათიდან იმართებოდა ჯერ პოლიტიკური საბჭოს, შემდეგ კი- საპარლამენტიო უმრავლესობის სხდომა.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად პარტიის ოფისთან გაიმართა აქცია “სირცხვილია”, რომლის მონაწილეებიც 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ აქციებს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. როგორც აქტივისტები ამბობენ, 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ უნდა გადამდგარიყო გიორგი გახარია და მისი პრემიერად დაწინაურება ნიშნავს აქციის მოთხოვნების უგულებელყოფას.

თამთა თოდაძის საქმე

თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. მას თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და ცემას ედავებიან (სსსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ 126-ე მუხლის პირველი ნაწილით).

როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, ილია ჯიშკარიანმა ნასვამ მდგომარეობაში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდა.

“და ჩვენ ვიცეკვეთ”

8 ნოემბერს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვებთ” პრემიერასთან დაკავშირებით თბილისში, სხვადასხვა ადგილას, და ბათუმში აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული ვითარება კინოთეატრ “ამირანთან” იყო, სადაც ჰომოფობიური, ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

მათ სურდათ ფილმის ჩვენების ჩაშლა. 8 ნოემბერს გამართული აქციების დროს 10-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, აქედან ერთს – სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს დასჭირდა საავადმყოფოში გადაყვანა.

ოფიციალური მონაცემებით, თბილისსა და ბათუმში სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობსი და ხულიგნობის მუხლებით დააკავეს 27 პირი, მათ შორის 24 – თბილისში, 3 – ბათუმში.

“და ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელ ფესტივალზე.

უზენაესის მოსამართლეების დანიშვნა

პარლამენტმა 12 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე უვადოდ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატი, რომელსაც რეკომენდაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია.

“ქართულ ოცნებას” მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი, რომლებსაც ლობირებას უწევს ხელისუფლება.

ლუკა სირაძის საქმე

15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე თბილისში სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლუკას ძმა “ნეტგაზეთთან” ამბობდა, რომ არასწრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში დედის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. მისივე თქმით, 15 წლის ლუკას პოლიცია “მწვანე სკოლის” შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

საქმეზე დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სსსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნაწილით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

ფეისბუკის მიერ გვერდების წაშლა

Facebook-ის ინფორმაციით, საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმეს, რადგან დაადგინეს, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.

Facebook-ის ცნობითვე, ეს გვერდები ძირითადად ავრცელებდნენ ადგილობრივ ამბებს. ისინი თავს ასაღებდნენ მედიასაშუალებებად და  აკრიტიკებდნენ ოპოზიციურ პარტიებსა და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ვინაობისა და კოორდინირებულად მოქმედების დაფარვას ცდილობდნენ, ჩვენ შევძელით და გამოვარკვიეთ, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სარეკლამო სააგენტო “პანდასთან” და საქართველოს ხელისუფლებასთან”, – წერს Facebook.

ფეისბუკის ინფორმაციით, სულ წაშლილია 39 ყალბი ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ ანგარიში.

ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება და გათავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. 20 დეკემბერს მას ცხინვალის სასამართლომ ერთი წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა საზღვრის კვეთის ბრალდებით. გაფრინდაშვილის თქმით, ის ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად გადავიდა.

ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის საპატიმრო 28 დეკემბრის დილას დატოვა და ცოტა ხანში თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

მცირე ხნით ადრე ოსურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 27 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შეწყალების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი