ახალი ამბები

“ტრიო +” – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის სტრატეგია

10 დეკემბერი, 2019 • 2776
“ტრიო +” – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის სტრატეგია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში გამართულ რიგით მე-8 სესიაზე მიიღო რეზოლუცია “ტრიო პლუს სტრატეგია 2030”-ის შესახებ.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ევროპარლამენტის და აღმოსავლეთ პარტნიორობის 6  ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) დეპუტატებით არის დაკომპლექტებული, მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა განაახლოს თავისი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობის უფრო წარმატებული ქვეყნების მოტივაციის შესანარჩუნებლად 2030 წლამდე.

აღიარებს რა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს, დაიწყოს განხილვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მომავალი 10 წლის სტრატეგიული დღის წესრიგის, რომელიც დაეფუძნება დიფერენცირებულ მიდგომებს სამეზობლო პროგრამის წევრი სახელმწიფოებისადმი და ახალ საფლაგმანო ინიციატივას “ტრიო პლუს სტრატეგია 2030”.

ასამბლეის შეთავაზებაა, “ტრიო პლუს სტრატეგია 2030”-ის ფარგლებში დაფუძნდეს ევროპული ტრიოს პროცესი, უფრო ღრმა ინტეგრაციის ინსტრუმენტებით, როგორც 2014 წელს მოხდა ბერლინის პროცესის ინიცირებით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციის ხელშესაწყობად.

ასამბლეა მიიჩნევს, რომ სტრატეგია “ტრიო +” უნდა გახდეს ევროკავშირის ამბიციური გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ამავდროულად მიუთითებს, რომ დემოკრატიული განვითარების, რეფორმებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის შეფერხება ტრიოს წევრ სახელმწიფოებში საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული სტრატეგიის განვითარებას.

ასევე, ასამბლეა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სთავაზობს გაფართოებულ ფორმატს “ტრიო +1” უკვე სომხეთის ჩართულობით.

“ჩვენ იმედი გვაქვს, “ტრიო + სტრატეგია 2030 წლისთვის” იქცევა ოფიციალური პოლიტიკად და დადასტურდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც მომავალი წლის ივნისში ან ივლისში გაიმართება”, – განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ადრიუს კუბილიუსმა.

ევროპარლამენტის წევრმა EPP-დან და ლიტვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” განვითარების ახალი ხედვა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოებისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ე.წ. ევროპული ტრიოს პროცესის შემოღების შესახებ პირველად წარადგინა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ დისკუსიაზე “ჩვენი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის”.

2019 წლის 5 დეკემბერს სლოვაკეთში, ბრატისლავაში, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კი ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ და ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს გადასცეს.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ინიციატივით გამოვიდნენ, დაფუძნდეს ,,ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის“ დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით; გარდა ამისა, ასოცირებულ ტრიოს მიეცეს შესაძლებლობა, თანდათანობით, სრულად ისარგებლოს ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება).


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა (ბელარუსის მონაწილეობა დროებით შეჩერებულია) შედგება. ასამბლეა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში დაფუძნდა. დამფუძნებელ აქტს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის პრეზიდენტებმა და ევროპარლამენტის წევრებმა მოაწერეს ხელი.

,,აღმოსავლეთ პარტნიორობა“, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი,  ბელარუსი,  მოლდოვა,  საქართველო,  სომხეთი,  უკრაინა) თანამშრომლობის ფორმატი,  წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას.  მისი მთავარი მიზანია, ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP)  განხორციელების ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთ განზომილების გაძლიერება. აღსანიშნავია,  რომ მოცემული ინიციატივა ამ ქვეყნებს,  ევროკავშირთან მნიშვნელოვნად დაახლოების მიზნით, კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის.  

მასალების გადაბეჭდვის წესი