ახალი ამბები

ბენსუდა: რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შედეგი შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე დადგეს

4 დეკემბერი, 2019 • 1802
ბენსუდა: რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე შედეგი შესაძლოა 2020 წლის ბოლომდე დადგეს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრაზე ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა, რომ რუსეთ- საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია  და არ არის გამორიცხული, რომ მისი, როგორც ჰააგის სასამართლოს პროკურორის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული შედეგები დადგეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ბოლოს ეწურება.

შეხვედრა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის რიგით მე-18 სესიის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების შესახებ  ისაუბრა. სამინისტროს ცნობით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეთნიკური წმენდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების მსხვერპლი გახდა, გამოძიებიდან ელოდება კონკრეტულ შედეგებს, რათა აღსრულდეს მართლმსაჯულება. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი