ახალი ამბები

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

24 ივნისი, 2019 • 4115
2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 24 ივნისს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის სპეციალურ ბრიფინგს წინ უძღოდა რამდენიმესაათაინი შეხევდრა როგორც “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსთან, ისე – საპარლამენტო უმრავლესობასათან.

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ ქართული ოცნება იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და, შესაბამისად, პლურალისტური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს”, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის მოსაზრებით, ამ სისტემაზე გადასვლა “უფრო სწორი” 2024 წელს იქნებოდა, “რადგან მათ გაძლიერებას, კრისტალიზაციას, ღირებულებების გარშემო მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა”.

“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, დღეს არსებული შერეული საარჩევნო სისტემა დემოკრატიულია და ბევრ ევროპულ ქვეყანაშია აპრობირებული.

“მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევის წინაშე”, – თქვა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ საზოგადოება დღეს ცვლილებებს ითხოვს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, უნდა დაისაჯონ როგორც ძალადობის ინიციატორები, ისე ის ადამიანები, რომლებმაც აქციის დაშლისას ძალას გადაამეტეს.

თბილისში 20 ივნისიდან იმართება საპროტესტო აქცია შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებისა და 20 ივნისის აქციისას დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. მორიგი აქცია დღეს, 24 ივნისს, 19 საათზე, უკვე მეხუთედ გაიმართება პარლამენტის შენობის წინ. გარდა ამისა, 14 საათზე იგეგმება ავტომობილების კოლონის მსვლელობა საყვირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით.


რა მოხდა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. 2 ადამიანი ამ დრომდე კომაშია. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი