ახალი ამბები

ქუცნაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატია

18 დეკემბერი, 2019 • 1876
ქუცნაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატია

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით განაცხადი ყოფილმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმაც შეიტანა.

ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი სულ ხუთმა პირმა გამოთქვა და შესაბამისი განაცხადი მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა. კონკურსის მონაწილეები არიან:

  • ნათია კუპრაშვილი,
  • ბეგლარ ლოგუა,
  • ნინო ქუბინიძე,
  • ზაქარია ქუცნაშვილი,
  • ხათუნა მაისაშვილი.

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის  დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქმე ეხება გიორგი ფრუიძეს, რომელმაც კომისიის დატოვების გადაწყვეტილება 21 ოქტომბერს მიიღო. გიორგი ფრუიძე ნათია ლაზაშვილის ქმარია, რომელსაც ახლა კურიერის მთავარი გამოშვება მიჰყავს.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრი მეუღლე ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

ნეტგაზეთმა შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ სტატია 25 სექტემბერს გამოაქვეყნა.კომუნიკაციების კომისიაში განაცხადეს, რომ ამ საკითხით “დაინტერესდნენ”.

2019 წლის დეკლარაციით გიორგი ფრუიძის ანაზღაურება 194 488 ლარია, ანუ თვეში – დაახლოებით 16 000 ლარი.

კონკურსი GNCC-ს ვაკანტურ ადგილზე 2019 წლის 7 ნოემბრიდან გამოცხადდა:

„საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა – მმართველ თანამდებობაზე“, – ნათქვამია მთარობის განცხადებაში.

განახლება:

მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობა კომისიის წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს არ განიხილავს და, შესაბამისად, მათ პრეზიდენტს არ წარუდგენს.

ქუცნაშვილს და GNCC-ს წევრობის სხვა კანდიდატებს მთავრობა პრეზიდენტს არ წარუდგენს


ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დაკავშირებულია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან და, შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან, რომლის წევრიც იყო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი.  სერგეი გავრილოვმა ასამბლეა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გახსნა. ამ სცენას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც თვეების განმავლობაში გაგრძელდა „სირცხვილიას“ სახელით.

იმ საღამოს, 20 ივნისს, დემონსტრანტების დასაშლელად ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

მოვლენების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა, ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატი დატოვა.

კომუნიკაციის კომისიის წევრის თანამდებობაზე ვაკანსია გამოცხადდა

მასალების გადაბეჭდვის წესი