კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ტელეკომპანია „კავკასიის“ მიმართ, აშშ-დან შემოწირულობის გამო.

ინფორმაციას ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ავრცლებს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს. კომისია „კავკასიისგან“ ითხოვს წერილობით განმარტებას 3 სამუშაო დღის ვადაში.

„მოგეხსენებათ, კავკასია შემოწირულობებს იხვეწება, ღიად გვაქვს გამოცხადებული ჩვენი ანგარიში. გვირიცხავენ თანხებს სრულიად უცნობი ადამიანები, რაც განსაკუთრებით მიჩუყებს გულს. საუბარია ისეთ თანხებზე, „იმედის“ პროპაგანდისტები ერთ ლანჩში რომ იხდიან. თურმე მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ჩვენი ერთ-ერთი შემომწირველი აშშ-დან არის. მართლა არ ვიცი, ვინ არის ეს ძვირფასი ადამიანი. გვარი და სახელი ქართული აქვს. შეიძლება ორმაგი მოქალაქეც არის. არ ვიცი, სად უნდა გამოვიძიო. და აი, ამათ რა უნდა ვუპასუხო. შემომწირველს რა მომსახურება გავუწიე? რა ინვოისი გავუგზავნე? ან რაში დავხარჯე? ალბათ, დენის ფული გადავიხადეთ ან ხელფასი გავისტუმრეთ. რა ვიცი. სხვა რა უნდა გვექნა ამ ფულით? ამათ უნდათ უბრალოდ დაგვღალონ, შეგვაშინონ, რომ მოგვბეზრდეს ცხოვრება და აქედან წავიდეთ. ვერ მოესწრებით“, — წერს ნინო ჯანგირაშვილი.