რუსთავი 2-ის 9-საათიანი კურიერის მომავალი წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარი გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების კომისიის კომისიის წევრია. ეს მოცემულობა, იურისტის განმარტებით, შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტს ქმნიდეს გიორგი ფრუიძისთვის.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის წევრის მეუღლე ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.
ნეტგაზეთთან საია-ს იურისტი, მარიამ გოგოსაშვილი, ამბობს, რომ კითხვები იმ შემთხვევაშიც გაჩნდება, თუ ლაზაშვილი შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურებას საერთოდ არ აიღებს.
“იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრის მეუღლე ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისითვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს – ეს არის ინტერესთა კონფლიქტი კომისიის წევრისთვის. ამ შემთხვევაში, თუ ნათია ლაზაშვილი ასრულებს ანაზღაურებად სამუშაოს რ2-თვის, გიორგი ფრუიძეს ექნება ინტერესთა კონფლიქტი.
ამასთან, ხაზაგასამელია ისიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს არ იქნება ანაზღაურებადი სამუშაო და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაიყვანს ის კურიერს, მაინც გაჩნდება გარკვეული კთხვები ამ პროცესის გარშემო, ვინაიდან რუსთავი 2 არის კომისიის რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტი.
ამ შემთხვევაში მოქმედება ხდება პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად და შესაძლოა, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა გიორგი ფრუიძის მიმართ,“ – განმარტავს გოგოსაშვილი.
ნეტგაზეთი კომენტარისთვის ასევე დაუკავშირდა კომუნიკაციების კომისიას, სადაც გვითხრეს:
“თუ რაიმე ინტერესთა კონფლიქტი ან კანონთან შეუსაბამობა დაფიქსირდება, კომისია კანონის მიხედვით იმოქმედებს“.
გიორგი ფრუიძე და რ2-ის დირექტორი პაატა სალია ნეტგაზეთის ზარებს არ პასუხობენ.
ნათია ლაზაშვილს ნამუშევარი აქვს რ2-ში ტელეწამყვანად, ასევე- მე-9 არხზე. 2018 წლის პირველ ნახევარში ის მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა კომუნიკაციის დეპარტამენტის შტატგარეშე მოსამსახურედ, ხოლო მეორე ნახევარში – პროკურატურის მრჩეველი იყო სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში.