ნეტგაზეთი | საკრებულოში 4 ადამიანი დააკავეს საკრებულოში 4 ადამიანი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

საკრებულოში 4 ადამიანი დააკავეს

დღეს, 17 დეკემბერს, საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მათი აქტივისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

ამ დრომდე [15:20] საკრებულოში სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებსა და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. მან თქვა, რომ ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს შეაგინა, „მეორე გავრილოვია”.

აქტივისტების მთავარი მოთხოვნაა, კუხიანიძემ მანდატი და საკრებულო დატოვოს.

დღეს საკრებულოში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. ისინი რამდენიმე დღეა კუხიანიძის მიერ მანდატის დატოვებას ითხოვენ, ამის მიზეზი კი კუხიანიძის ფეისბუკ-პოსტია, სადაც ცხინვალში დაკავებულ ექიმ ვაჟა ფაგრინდაშვილს და მის ოჯახს აგინებდა:

“მთავარი არის ის, რომ კუხიანიძემ, რომელიც არის გავრილოვი, პატარა მასშტაბის, მაგრამ მაინც გავრილოვი, უნდა დატოვოს თბილისელების მანდატი. ეს შენობა, ეს ოთახი, ყველაფერი ეკუთვნის ამომრჩევლებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას”, – ამბობს ენმ-ის წევრი ხატია დეკანოიძე “მთავარ” არხთან.

მოგვიანებით კუხიანიძის კაბინეტში საკრებულოს უსახფრთხოების თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქტივისტების კაბინეტიდან გაყვანა სცადეს, თუმცა აქტივისტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აქტივისტებს კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.


თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია ვაჟა გაფრინდაშვილი და მისი ოჯახი, მას შემდეგ, რაც მათ კრიტიკული შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის მისამართით პატიმრის გათავისუფლების მუშაობის კუთხით. გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში საკრებულოს წევრმა გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან