ახალი ამბები

ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და ახალი სამანქანო ზოლი მოეწყობა – კალაძე

14 თებერვალი, 2024 • 601
ლაგუნა ვერესთან ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და ახალი სამანქანო ზოლი მოეწყობა – კალაძე

გმირთა მოედნიდან სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერია ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს და მათ ადგილას დამატებით საავტომობილო ზოლს მოაწყობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია – დემონტაჟის შემდეგ მათ ქალაქის სხვადასხვა უბანში გამოუყოფენ სივრცეს საქმიანობის გასაგრძელებლად.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. თუმცა მაშინ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შემდეგ დაიწყო პანდემია და პროექტი დროებით შეჩერდა. კალაძე ამბობს, რომ მერიამ განიხილა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ნაკადების მართვის სხვადასხვა ალტერნატივა, თუმცა გადაწყდა, რომ დამატებითი ზოლის მოწყობის გარეშე პრობლემა ვერ მოგვარდებოდა.

“მე მგონი, ყველა დამეთანხმება იმაში, რომ აღნიშნული კვანძი ავტომობილების იმ რაოდენობას, რომელიც არის ქალაქში და კონკრეტულად ამ არეალში, ვერ უზრუნველყოფს, რომ იყოს გამტარუნარიანი და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ იქ არსებული ბენზინგასამართი სადგურები ავიღოთ.

მე მინდა მფლობელებს მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის. შეთანხმება მიღწეულია. მოხდება ადგილმონაცვლეობა, განხორციელდება ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი და განხორციელდება კონკრეტული პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ნაკადების გატარებას”, – განაცხადა კალაძემ.

ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი მას შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას საკრებულო დაუჭერს მხარს.


აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მონაკვეთზე, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას, ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

შესაბამისი პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოში დაახლოებით ერთი წლის წინ შევიდა. განაცხადის თანახმად, დამკვეთი შპს “კოსტავას 69” ითხოვს, რომ მუნიციპალიტეტმა ამ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება შეუთანხმოს. თუ ეს ასე მოხდა, კომპანიას სხვა პროცედურების გავლაც მოუწევს და შემდეგ შესაძლებლობა მიეცემა ქალაქის ცენტრში ორ-კოშკიანი, მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს.

კომპანია „კოსტავას 69-ს“  დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი