თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ბიუჯეტი წარუდგინა საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრებს. ოპოზიციური პარტიები სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, მათი თქმით, კალაძე კორუფციითაა სახელგანთქმული და არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” აცხადებს, რომ კახა კალაძე კორუფციით სახელგანთქმული მერია, რომელიც არის არალეგიტიმური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი:
“ის არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული, ძალადობრივი ქმედებებისა და რეჟიმის გამმართლებელი, დაუშვებლად მიგვაჩნია მასთან ერთად საკითხების განხილვაში მონაწილეობა.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, რუსეთუმე კალაძესთან ერთად საკრებულოში მისვლას, სხდომაზე დასწრებას და დემოკრატიობანას თამაშს არ აპირებენ:
“სანქცირებული კახი კალაძე არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა ევროპული პერსპექტივა და წაიყვანა რუსეთისკენ. ეს ადამიანი ასევე არის ზონდერ ჯგუფების ერთ- ერთი მთავარი დამფინანსებელი და მფარველი, რომლებიც ყოველდღიურად სცემენ, იტაცებენ, შეურაცხყოფას აყენებენ მშვიდობიან მომიტინგეებს.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის მილიონი პრობლემა, წარმოუდგენელია, რომ ამ უნიღბო რუსეთუმესთან ერთად დავსხდეთ საკრებულოში, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება და დემოკრატიობანა ვითამაშოთ.
თუ გვინდა პოლიტიკა დაბრუნდეს საკრებულოში, პარლამენტში და ქვეყანაში, გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ივანიშვილის და მისი რუსული რეჟიმის გარეშე. დღეს ჩვენ სხდომას არ ვესწრებით და ვაგრძელებთ პროტესტს ქუჩაში” ,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, კახა კალაძე დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი არის:
“ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო” და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. ჩვენ კახა კალაძესთან კითხვები არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახა კალაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე.
საკრებულოს სხდომას არც პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრები დაესწრებიან. მათი განცხადებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში არიან:
“27 -დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა ის, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს. ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს.
ასეთ ვითარებაში, ჩვენ, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას. კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე ოცნების უმრავლესობასთან ერთად. ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას”, – ამბობს პარტიის წევრი თამარ ხვედელიანი და დღეს, 19:00 საათზე მოქალაქეებს პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.
თბილისის მერიის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი იქნება. საკუთარი შემოსავლების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან დახმარების სახით 580 მილიონ ლარს მიიღებს.