თბილისის 50-წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 45 მანდატი ექნება, ოპოზიციას — 5.
დედაქალაქის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე აირჩევა, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც ხმების არანაკლებ 4% მიიღეს, შემდეგი ფორმულით: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
4 ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისში ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ და ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით მათი პროპორციული მანდატები ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ — 20
- „ძლიერი საქართველო“ — 2
- „გირჩი“ — 2
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ — 1
წინა მუნიციპალურ არჩევნებზე მესამე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და თბილისის საკრებულოს მიღმა დარჩა.
„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 25-ვე მაჟორიტარული ოლქი, შესაბამისად, მას თბილისის საკრებულოში 45 დეპუტატი ეყოლება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობდა და ბოიკოტს უცხადებდა. ამ არჩევნებში საქართველოს ისტორიაში ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.








