ახალი ამბები

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

14 დეკემბერი, 2019 • 8424
მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აკრიტიკებს და აგინებს. კუხიანიძე პროვოკატორს უწოდებს თავად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსაც, რომელიც რუსმა სამხედროებმა ერთ თვეზე მეტი ხსნის წინ დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში ჰყავთ.

“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია]

ერეკლე კუხიანიძემ პტიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის კრიტიკა თავისივე პოსტის კომენტარებშიც გააგრძელა:

“რას თხოვენ სამშობლოს – ომის დაწყებას? თუ ტრაურის გამოცხადებას და დროშების ჩამოშვებას?”

გარდა ამისა, საკრებულოს წევრი გამოხატავს წყენას, გაფრინდაშვილის ოჯახი თუ რატომ დაუპირისპირდა “საყოველთაო ზეიმს”:

“ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია ოჯახის დაპირისპირება იმ საყოველთაო ზეიმთან, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის გახდომის აღსანიშნავად ტარდება.”

ოკუპირებულ ცხინვალში ტყვეობაში მყოფ ექიმს პროვოკაციაში ადანაშაულებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილიც:

“ეს ადამიანი სრულიად შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, მან აუცილებლად იცოდა, რომ დაიჭერდნენ. ვაჟა ექიმს ქალაქში ბევრი იცნობს, რა ქნას იმ სოფლის მოსახლეობამ- “უცნობებმა”, რომლებიც შეუგნებლად “კვეთენ საზღვარს” და ოკუპანტები იჭერენ, ასამართლებენ, აჯარიმებენ, აღიარებინებენ, რომ დაარღვია საზღვარი და ისე უშვებენ. იცით ვინმემ, რომ ყველა ვისაც იტაცებენ და უშვებენ ყველას ნაღიარები აქვს რომ დაარღვია ე.წ. საზღვარი? რატომ აგროვებენ ოკუპანტები ამ აღიარების საქმეებს გასაგებია, ხო? [სტილი დაცულია].\

რამ გააბრაზა საკრებულოს წევრი?

თბილისის საკრებულოს წევრის ამ შეურაცხმყოფელ და მადისკრედიტებელ პოსტს წინ უძღოდა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის განცხადება და ხელისუფლების დადანაშაულობა არაეფექტიან მოქმედებაში, რის გამოც, მათი აზრით, ექიმი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

გაფრინდაშვილის ცოლმა და შვილმა 13 დეკემბერს თქვეს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არაკოორდინირებულად მოქმედებენ, ერთმანეთში ინფორმაციას ეფექტიანად ვერ ცვლიან და სწორედ ამიტომ უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, ასევე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ მოქალაქეებს ასევე მოუწოდეს, რომ კვირას რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნონ და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ხაზისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის გასამართად.

გარდა ამისა, გაფრინდაშვილის ოჯახი გამოეხმაურა 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ “ქართული ოცნების” აქციას, რომელსაც “ოცნების” დეპუტატი “საყოველთაო ზეიმს” უწოდებს. მმართველ პარტიას ამ ღონისძიებაზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოჰყავს სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები. ნეტგაზეთის მიერ საქართველოს არაერთი ადამიანისგან მიღებული ინფორმაციით, ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს სთხოვენ თბილისში გამგზავრებაზე უარის დასაბუთებას, ასევე სიებს, ვინ დაესწრება “ოცნების” ორგანიზებულ ღონისძიებას და ვინ – არა.

„კიდევ ერთი: მინდა, მივულოცო საქართველოს ხვალინდელი დღე – ის, რომ ანბანის მიხედვით გავხდით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ძალიან საზეიმოა. მაგრამ საინტერესოა, ვის გვეზეიმება და ვის არა. ევროსაბჭომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაამტკიცონ და დაიცვან ადამიანის უფლებები, პირველ რიგში, ტყვე ექიმის უფლება. ვნახოთ, ხვალ ვის ეზეიმება და ვის არა“, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა.

ვინ არის ერეკლე კუხიანიძე?

ერეკლე კუხიანიძე მმართველი გუნდის პარტიული სიით მოხვდა თბილისის საკრებულოში. ის ხელმძღვანელობს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას. ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის მას შემოსავლის სახით 2018 წელს 37 900 ლარი აქვს მიღებული.

კუხიანიძე პროფესიით მომღერალია. ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, ის 1987-1993 წლებში საქართველოს კულტურის ფონდთან არსებული  ანსამბლი “ოროველას” სოლისტი იყო, 1997-200 წლებში კი მოსკოვის “ჰელიკონ ოპერის” სოლისტი. კუხიანიძე 2002-2005 წლებში მუშაობდა ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებულ “არტ იმედში”, 2005-დან 2015-მდე კი კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.

ერეკლე კუხიანიძე 2012 წელს საზოგადოებრივი ”ქართული ოცნების” კულტურის ჯგუფის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი გახდა, 2015 წელს თეთრიწყაროს გამგებლის მოადგილე, 2017 წლიდან კი თბილისის საკრებულოს წევრია.

კუხიანიძე ფესიბუკზე საჯაროდ ლანძღავს და აგინებს იმ ადამიანებს, რომლებიც რაიმე ფორმით ხელისუფლებას აკრიტიკებს ან ეწინააღმდეგება.

“უნაძირლესი არაკაცი! რატომ არ იჭერენ ამ კრიმინალს?” – აღნიშნული პოსტი დეპუტატმა შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ 12 დეკემბერს გამოაქვეყნა.

საკრებულოს წევრი “პათოლოგებს” უწოდებს ოპოზიციონერებსაც, გარდა ამისა, არანორმატიული ლექსიკით მოიხსენიებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც ოპოზიციური აქციის მონაწილეებს თავის შესაფარებლად ბიბლიოთეკა შესთავაზა.

რამდენს ბედავს ეს თავხედი?! არ სჯობს სახლში წასვლა შესთავაზოს უკანონობის ჩამდენებს?! თუ იმის თქმა უნდა ამ სირბანჯოს, რომ პოლიცია უკანონოდ შლის მიტინგებს?! [სტილი დაცულია].

 

გარდა ამისა, ერეკლე კუხიანიძე სამოქალაქო აქტივისტებს უწოდებს “ნაცთახსირებს”, ტვ პირველის ჟურნალისტებს კი ასევე “თახსირობაში” ადანაშაულებს. ის ჟურნალისტ ვახო სანაიაზე წერს “უჩათლახესი, სადისტი, ნაბოზვარი”. ის ჟურნალისტს სხვა პოსტებშიც ლანძღავს.

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საჯარო პოსტებისა, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე მისთვის არასასურველ ადამიანებს ლანძღავს და აგინებს. ნეტგაზეთი ბოდიშს უხდის მკითხველს მისი უცენზურო ფრაზების ტირაჟირებისთვის, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მოქალაქეებმა იცოდნენ, კომუნიკაციის რა ფორმებს იყენებს ადამიანებთან საურთიერთოდ არჩეული საკრებულოს წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი