ახალი ამბები

რატომ არის პრობლემური ფისიქიკური ჯანმრთელობის საკითხის სალანძღავად გამოყენება

15 დეკემბერი, 2019 • 1471
რატომ არის პრობლემური ფისიქიკური ჯანმრთელობის საკითხის სალანძღავად გამოყენება

თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძემ ფსიქიკური აშლილობა სალანძღავ სიტყვად გამოიყენა.

კუხიანიძე Facebook-ზე წერს, რომ მოსახლეობის ნაწილს “ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს” და მოვლენათა სიღმისეული ანალიზის გარეშე, რეფლექსიებით არსებობენ.

“მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს. სამწუხაროდ ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის,” – წერს კუხიანიძე Facebook-ზე.

რატომ არის პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხის სალანძღავად გამოყენება

საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძის მიერ ფსიქიკური პრობლემის ადამიანთა სალანძღავად გამოყენება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსები ამ გზით ცდილობენ სხვა ადამიანებზე ვერბალურ თავდასხმას. მაგალითად, 2011 წელს დეპუტატმა გია თოთლაძემ ბიძინა ივანიშვილზე ასეთი ფრაზა თქვა: “ფაქტობრივად, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის ინტერვიუ მოვისმინე.”

ფსიქილოგმა ჯანა ჯავახიშვილმა ნეტგაზეთს თოთლაძის დისკრიმინაციული გამონათქვამის შეფასებისას უთხრა, რომ ნებისმიერი ადამიანისგან დაუშვებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის  სალანძღავ კატეგორიად  გამოყენება:

“ეს ნიშნავს, რომ ბატონი გია ამ ფრაზებს იყენებს სალანძღავად, როდესაც ადამიანები ფსიქიკურ ჯანმრთელობას სალანძღავ კატეგორიად იყენებენ,  პრაქტიკულად მათ სტიგმატიზაციას ახდენენ”.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქყვეყნებულ “10 ფაქტში” ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ წერია, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრები მიმართ შემაკავებელი ფაქტორია მათი მხრიდან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, რათა სტიგმატიზაციის პროცესს თავი  აარიდონ.

ჯავახიშვილის აზრით, პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი სიტყვების გამოყენება, რომლებიც უფრო ხილვადი და მოსმენადია სხვადასხვა მედიასაშუალებით, აფერხებს ჰუმანისტური საზოგადოების ფორმირებას.

ფსიქოლოგს  ასევე გაუმართლებლად მიაჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის სალანძღავ კატეგორიად გამოყენება იმ მასშტაბების გამო, რაც ფსიქიკურ ჯანმრთელობას გააჩნია.

“მსოფლიოს მასშტაბით 450 მილიონი ადამიანი იტანჯება ფსიქიკური აშლილობით, და კიდევ ბევრია ჩვენთვის უცნობი”- წერს WHO. საქართველოში კი, ოფიციალური მონაცემებით, 2007 წელს აღრიცხული იყო  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 72 588 პირი, 2011 წლისთვის კი ამ რიცხვმა 100 000-ს ადამიანს მიაღწია.

უფრო ვრცლად ამ პრობლემის შესახებ ნახეთ სტატია ნეთგაზეთის არქივიდან: “არაპოლიტკორექტული პოლიტიკა”

“ზღვარგადასული სიბინძურე”

საკრებულოს წევრი “ზღვარგადასულ სიბინძურეს” უწოდებს ადამიანათა ნაწილის რეაქციას მის მიერ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის პროვოკაციაში დადანაშაულებასა და გინებას.

საუბარია კუხიანიძის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც მან ვაჯა გაფრინდაშვილის ოჯახი გააკრიტიკა.  კუხიანიძე პროვოკატორს უწოდებს თავად ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსაც, რომელიც რუსმა სამხედროებმა ერთ თვეზე მეტი ხსნის წინ დააკავეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში ჰყავთ.

კუხიანიძე წერს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კომპლექსური საკითხია, რომელიც ბევრ კანონზომიერებას ემორჩილება. ამ კონტექსტში საკრებულოს წევრი რუსეთ-საქართველოს უერთიერთობას განიხილავს და ამბობს, რომ “ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა”.

ერეკლე კუხიანიძე ამბობს, რომ დასავლელი პარტიორები მოგვიწოდებენ, არ გავამწვავოთ ურთიერთობები რუსეთთან. მისი მოსაზრებით, ამ რჩევების გაუთვალისწინებლობამ მიგვიყვანა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომამდე.

“ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს, მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა”, -წერს კუხიანიძე.

ერეკლე კუხიანიძე მმართველი გუნდის პარტიული სიით მოხვდა თბილისის საკრებულოში. ის ხელმძღვანელობს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიას. ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის მას შემოსავლის სახით 2018 წელს 37 900 ლარი აქვს მიღებული.

მაშინ, როცა საკრებულოს წევრი მისი დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი პოსტებით გამოწვეულ რეაქციას “ზღარგადასულ სიბინძურეს” უწოდებს, თავად კუხიანიძე ფესიბუკზე საჯაროდ ლანძღავს და აგინებს იმ ადამიანებს, რომლებიც რაიმე ფორმით ხელისუფლებას აკრიტიკებს ან ეწინააღმდეგება. მის პირად გვერდზე შეხვდებით ლანძღვა-გინებას ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე, ჟურნალისტების, მალხაზ მაჩალიკაშვილის, გიორგი კეკელიძის და სხვების მიმართ.

ნეტგაზეთი ბოდიშს უხდის მკითხველს საკრებულოს წევრის უცენზურო და დისკრიმინაციული ფრაზების ტირაჟირებისთვის, თუმცა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მოქალაქეებმა იცოდნენ, ადამიანებთან საურთიერთოდ კომუნიკაციის რა ფორმებს იყენებს არჩეული საკრებულოს წევრი.

უფრო ვრცლად ნახეთ აქ:

მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც! – საკრებულოს წევრი გაფრინდაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი