ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა

28 დეკემბერი, 2023 • 1992
თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ცათამბჯენების პროექტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი დაამტკიცა.

საკრებულოს სხდომა, რომელზეც პროექტი დაამტკიცეს, დღეს, 28 დეკემბერს, გაიმართა. პროექტს მხარს არ უჭერდა და აკრიტიკებდა თბილისის საკრებულოს ოპოზიცია, რის გამოც სხდომა ხმაურის და სიტყვიერი დაპირსპირების ფონზე მიმდინარეობდა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას, ორკოშკიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართუ“ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ცათამბჯენების აშენებას გეგმავდა, თავდაპირველად 2023 წლის იანვარში გავრცელდა. დაგეგმილი ცათამბჯენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე საზოგადოებისა და  ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა“ დაწერა, რომ პროექტი „სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის“.

ცათამბჯენების პროექტს ასევე გამოეხმაურა თავად თბილისის მერი, კახა კალაძეც.

„ლაგუნა ვერეს“ სივრცე მუნიციპალიტეტს გადმოეცემა, აბრეშუმის ქარხნის შენობის ტერიტორია კი ისე განვითარდება, რომ არსებული სივრცე არ დაინგრევა”, – თქვა კალაძემ ჟურნალისტებთან.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გაყიდა. „ლაგუნა ვერეს“ მომავალი მფლობელი „შპს ნეო სითი დეველოპმენტია“. იმავე კომპანიამ განაცხადი შეიტანა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიისა და ასევე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის გადაფორმების შესახებ.

„ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ენმ-ის ყოფილი დეპუტატი, მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.

კომპანიამ განაცხადი შეიტანა ტერიტორიებზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ. იქ, სადაც უახლოეს მომავალში ცათამბჯენებით გაშენებულ მულტიფუნქციური კომპლექსის მოწყობას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, „ნეო დეველოპმენტმა“ ტერიტორიები უნდა იყიდოს კომპანია „კოსტავა 69-დან“.

კომპანია „კოსტავა 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

ამ თემაზე ვრცლად:

„ქართუს“ ლაგუნა ვერესთან ცათამბჯენების აშენება კვლავ სურს – ახალი პროექტი

„ლაგუნა ვერესთან“ ცათამბჯენების აშენების წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა

მასალების გადაბეჭდვის წესი