ახალი ამბები

უსაფუძვლოა არგუმენტი, რომ ეუთო-ში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას – ცქიტიშვილი

3 დეკემბერი, 2019 • 2602
უსაფუძვლოა არგუმენტი, რომ ეუთო-ში უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას – ცქიტიშვილი

ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელზე საუბრისას განაცხადა: “იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობდა, ყველაზე კარგად იციან, რა წერია და რა იგულისმება ქვეყნის ძირითადი კანონის ტექსტში”.

“აქედან გამომდინარე, იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ეუთო-ში ან რომელიმე საერთაშორისო ექსპერტი უკეთ კითხულობენ ჩვენს კონსტიტუციას, ალბათ, უკვე არ არის მთლად საფუძვლიანი არგუმენტი. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთხელ განაცხადეს პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტარებმა, კონსტიტუციონალისტებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული კონსტიტუციის შექმნის პროცესში, რომ ის
მოდელი, რომელიც წარმოადგენა ოპოზიციამ “გერმანული მოდელის” სახით, სამწუხაროდ, არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესში ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა ექსპერტის ნებისმიერი  სახით შემოყვანა “ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესად ვაქციოთ და საშუალება მივცეთ ამ აგრესიას, რომ ისულდგმულოს ამ არგუმენტებით”.

მისივე თქმით, ე.წ. გერმანული მოდელის ამოქმედებისთვის საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც საკმარისი მხარდაჭერის არქონის გამო მმართველმა ძალამ ვერ მოახერხა. ამიტომ, რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა, პოლიტიკური ძალები 2020 წლის არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებისთვის მოემზადონ.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ “გერმანულ მოდელზე” დაფუძნებული საარჩევნო სისტემის დანერგვა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს. ამავდროულად, უარს აცხადებს ოპოზიციის შეთავაზებაზე, პროექტი განსახილველად ვენეციის კომისიას და ODIHR-ს გაუგზავნოს.

შეესაბამება თუ არა ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი