ახალი ამბები

მაია ცქიტიშვილი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება

19 თებერვალი, 2021 • 1340
მაია ცქიტიშვილი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება

ინფრასტრუქტურის ამჟამინდელი მინისტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობაში აღარ იქნება. ამის შესახებ  დღეს „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გუშინ „ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, დღეს კი მან მინისტრობის კანდიდატების სია წარადგინა, ორი ახალი სახით: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იქნება ირაკლი ქარსელაძე, თავდაცვის მინისტრი კი – ჯუანშერ ბურჭულაძე.

„დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი, მადლობისთვის და ასეთი დაფასებისთვის. მე და ბატონი ირაკლი უკვე 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერთად ვმუშაობდით საერთაშორისო ფონდ „ქართუ-ში“.

მაშინ, როდესაც ბატონი ირაკლი იყო მთავრობის მეთაური, მოგეხსენებათ, რომ მე მას ვეხმარებოდი, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და, შესაბამისად, გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, მე დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ის 9-წლიანი პერიოდი ჩემი ცხოვრების – ძალიან საინტერესო, ძალიან აქტიური – დავასრულო ამით“, – თქვა ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა დასძინა, რომ მის ამჟამინდელ მოადგილეებთან ერთად, მომავალი სამთავრობო გუნდი ბევრ წარმატებას მიაღწევს, თავად კი მოხარულია – „დაუბრუნდეს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას”.

„მინდა დღევანდელი ტრიბუნა გამოვიყენო და მადლობა ვუთხრა, ბატონ გიორგი გახარიას, იმ პრემიერს, რომელთანაც ერთად ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრემიერის პოზიციაზე, ასევე ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდი იყო, სამწუხაროდ, დაგვემთხვა კოვიდის პანდემია, რა დროსაც, ვფიქრობ, რომ მთავრობის მთელი შემადგენლობა, მთელი გუნდი ძალიან წარმატებულად მართავდა ამ პროცესს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, მიხარია, რომ იგივე გუნდი აგრძელებს მუშაობას სრული შემადგენლობით“, – აცხადებს ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილმა ამის შემდეგ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსაც, რომელთან ერთადაც პოლიტიკაში მოვიდა – „მთელი ეს პერიოდი ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ სულისკვეთებას და ვრჩები მის მხარდამჭერად“

„მინდა ასევე მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მედიას. ვისარგებლო შემთხვევით და ასევე, მედიასაც, როგორც აქტიური პოლიტიკიდან გასული ადამიანი, ამ ფუფუნებით ვისარგებლო და აღარ ვიყო უკვე თქვენი რესპონდენტი, დიდი მადლობა ყველას“, – თქვა ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი