„ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ფაქტი, როგორც ხდება ხოლმე. ერთი რამ არის საინტერესო – ეს ვითომ გაუპატიურების მცდელობის ფაქტი მოხდა 2025 წელს, როგორც არის საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა? აქ მეორე მთავარი უბედურებაა ის, რომ კონკრეტული ადამიანი, პატიმარი, ვნებს საკუთარ ღირსებას და თავს ამ ტიპის განცხადებებით. რაც ყველამ დაინახა, ის ვნახე მეც – არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ეს არის სიმართლე. ის, რაც არ არსებობს ბუნებაში, რაც არ უნდა იწვალოთ, ვერ იქნება“, – თქვა კალაძემ.
პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იყო.
მისი თქმით, ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, მასზე წარმოუდგენელი ზეწოლა დაიწყო. პატიმარი ამბობს, რომ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ დღეს კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ პატიმარი 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაიყვანეს. უწყების განცხადებით, საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
„კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“, – ამბობს პენიტენციური.
დავითაძის დედა აცხადებს, რომ ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.
