ჩორჩანაში საგუშაგო კოშკის განთავსების საქმეზე დღეს პროკურატურაში გამოიკითხა მაია ცქიტიშვილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ საგუშაგოს დადგმის, ასევე საგუშაგომდე გზის გაყვანის საჭიროების შესახებ ყველაფერი იცოდა.

“მე მაშინ ვიყავი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო. ასევე, იმასთან დაკავშირებით, რომ გზის გაყვანის საჭიროება იყო იმ ეტაპზე, რადგანაც არსებობდა როგორც ტერიტორიის მიტაცების რისკი, ასევე, ბორდერიზაციის აქტიური პროცესიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეთანხმებული, ვისთან, როგორ, მაგრამ ეს იყო ცნობილი ჩემთვის, როგორც მინისტრისთვის.

ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის თაობაზე მსჯელობა დაიწყო ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში, აქტიურად, სადაც ჩვენ ყველანი ვხედავდით, რომ საფრთხე არსებობდა და, შესაბამისად, და ჩემი ვარაუდით, სწორედ საფრთხეებიდან და გაანალიზებიდან გამომდინარე, საფრთხეები იყო შეფასებული და შეფასების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული ის ქმედებები, რომლებიც იყო.

მედიაარქივსაც თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალი შემთხვევა იყო, იმავე ჩორჩანის ტერიტორიიდან, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სხვა მონაკვეთების მიმდებარედ, სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი წლების განმავლობაში მიმდინარეობს და, შესაბამისად, სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

2019 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ საგუშაგო კოშკის განთავსების საკითხი დღის წესრიგში “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შემქნილმა საგამოძიებო კომისიამ დააყენა (მართალია, კომისია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა და თავდაპირველად 2003-2012 წლებში მომხდარ მოვლენებს განიხილავდა, მაგრამ მოგვიანებით მისი მანდატი გააფართოვეს. უფრო მეტიც, ამჟამად კომისია “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, “ქართული ოცნებისავე” ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობასაც შეისწავლის).

ჩორჩანასთან დაკავშირებით კითხვა კომისიის სხდომაზე “ქართული ოცნების” ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დაუსვეს. ის 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გახარიას ედავებოდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მან თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით. გახარიას თქმით, ეს გამოიწვევდა ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისება, საგუშაგოს გახსნით კი დაიცვა ეს ტერიტორია.

კომისიაზე გახარიას გამოკითხვიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, 14 ივნისს, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 2019 წელს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. გომელაური ამბობს, რომ კოშკის აშენების წინააღმდეგი იყო, რადგან ვარაუდობდა, რომ ამას შესაძლოა ომი მოჰყოლოდა. მისივე თქმით, კოშკისა და იქამდე მისასვლელი გზის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ამის შესახებ საქმის კურსში არ იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც კი.

მოგვიანბეით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ჩორჩანის შესახებ მოკვლევა მიმდინარეობს  გამძიების ფარგებში, რომელიც ეხება:

  •  საბოტაჟს;
  • დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას;
  • უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;
  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას.