ახალი ამბები

ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება – მინისტრი

4 თებერვალი, 2021 • 753
ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება – მინისტრი

დღეს, 4 თებერვალს, მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დააანონსა, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდა ზამთრის კურორტები, რის გახსნასაც სექტორი რამდენიმე კვირაა ითხოვს.

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტები ვერ ამუშავდება, მეტიც, ამბობს, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ზამთრის კურორტები გაჩერებულია. თავად სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თუ მთავრობამ მარტამდე არ მიიღო გახსნის გადაწყვეტილება, შემდეგ დაგვიანებული იქნება, რადგან ზამთრის სეზონი კურორტებზე მარტის ბოლომდე გრძელდება.

“შეზღუდვები ჯერ კიდევ საჭიროა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები ვერ შემსუბუქდება. რაც შეხება კერძო ბინებში დამსვენებლის ჩასვლას, კერძო მესაკუთრეს ვერ აუკრძალავ საკუთარ ბინაში ჩასვლას და დასვენებას. თქვენ ასევე უნდა ნახოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკაც. ნახავთ, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ზამთრის კურორტები არც ამ სეზონზე ფუნქციონირებენ და შეზღუდვები კი არ მსუბუქდება ზამთრის კურორტებზე, პირიქით, ხანგრძლივდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს კურორტები ნამდვილად წარმოადგენენ მათი ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს”,-აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე ყველა საბაგირო დაკეტილია.

“პირველ თებერვალს ზამთრის კურორტები ვერ გაიხსნება” – ბიზნესის შეხვედრა მთავრობასთან

მასალების გადაბეჭდვის წესი