პარლამენტში ინიცირებული ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის მანდატების განაწილების ახალ წესს ადგენს შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში.”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეს სისტემა საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება, რასაც არ ეთანხმება კანონპროექტის ავტორი ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.
საქართველოს კონსტიტუციის ორმოცდამეცხრე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. ხოლო, საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
ე.წ. გერმანული მოდელით კი, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტის, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ. საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია ამ პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობის. რაც ნიშნავს იმას, რომ მანდატების რაოდენობა დაიანგარიშება არა 77-დან, არამედ 150-დან.
კერძოდ, თუ არჩევნებში პარტია ღებულობს 30 პროცენტს და 30 მაჟორიტარულ ოლქს იგებს, მოქმედი სისტემით მას 53 მანდატი შეხვდება. ხოლო გერმანული მოდელით- 45.[ამ სისტემით პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები არ იკრიბება, შესაბამისად, პარტიის კუთვნილი 45 მანდატიდან 30 მაჟორიტარებს ერგებათ, ხოლო სიიდან მანდატი პირველ 15 პოლიტიკოსს შეხვდება]
“ქართული ოცნება” ამ სისტემას მხარს არ უჭერს. პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, კანონპროექტი კონსტიტუციის შესაბამისი არ არის.
“მანდატების განაწილების ასეთი წესის შემოღება კონსტიტუციური რომ არ იყოს, ასეთ ნორმას უბრალოდ არ დავწერდით და არც ინიცირებას გავაკეთებდით. კონსტიტუციით გასაზღვრულია, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა პარლამენტის 77 წევრი, ხოლო მაჟორიტარულით -73. ჩემი წარმოდგენილი პროექტით ეს ასე რჩება. უცვლელი რჩება კონსტიტუციით განსაზღვრული საარჩევნო ბარიერი- 5%. სხვა რამეს კონსტიტუცია არ ამბობს. განსხვავება არსებულ და შემოთავაზებულ მოდელს შორის არის ის, თუ როგორ ნაწილდება მანდატები” – ამბობს ვახტანგ ხმალაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ამ მოსაზრებას არ იზიარებს “ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი. კახიანი კონსტიტუციის 49-ე მუხლზე მიუთითებს და ამბობს, რომ მანდატების 150-დან დაანგარიშება არაკონსტიტუციურია:
“ამ მუხლით გასაზღვრულია, რომ პარლამეტნის 77 წევრი აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო 73 -მაჟორიტარული წესით. საარჩევნო სისტემა თავის თავში რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. მათ შორის ეს არის დათვლის სისტემა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ხდება შედეგების გამოთვლა და ეს გერმანული მოდელი პერსონალიზებული პროპორციული სისტემაა, რეალურად. 150 წევრიდან დათვლა პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.”
კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად კი, “პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.”
კონსტიტუციის 49-ე მუხლი არ ადგენს მანდატების დათვლის წესს. მანდატების დათვლის წესი საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლით განისაზღვრება.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციური სწორედ 77 მანდატიდან დათვლაა და არა- პირიქით:
“კონსტიტუციის ამ მუხლში არ არის საუბარი იმაზე, რომ 77 მანდატიდან უნდა დაითვალოს პარტის მანდატების რაოდენობა. არჩევის წესზეა საუბარი და არა არჩევის პრინციპზე. 77-დან რომ ითვლება და არა 150-დან, ესაა კონსტიტუციის საწინააღმდეგო.“
მისივე აზრით, მოქმედი დათვლის წესით ამომრჩეველთა განწყობა პროპორციულად არ აისახება მანდატებში:
“პროპროციულობის პრინციპი უფრო ფართო მოცულობის არის და, შესაბამისად, ის მიგვითითებს, რომ 150-დან უნდა დაითვალოს მანდატები, წინააღმდეგ შემთხვევაში, 77 კი არის პროპორციული, მაგრამ საბოლოო შედეგები არაპროპორციული გამოდის. კონსტიტუცია საკუთარ ფეხებს ვერ მოიჭრის. ეს მეტაფორა კარგად ასახავს მდგომარეობას. კონსტიტუცია დგას პროპორციულობის, თანასწორობის პრინციპზე. პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ისე უნდა დავაჯამოთ, რომ მაქსიმალურად პროპორციული შედეგი მივიღოთ,”- ამბობს მენაბდე.
“როცა პროპორციულ შედეგებს ვამატებთ, 77-დან უნდა დავითვალოთ. ხოლო შემოთავაზებული მოდელი არსობრივად პროპორციული სისტემაა იმიტომ, რომ შედეგების შეჯამება პროპორციული სისტემით ხდება,”- აღნიშნავს კახიანი.
კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბრობს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეც:
“რეალურად, ამ მოდელით მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები გადადიან პროპორციულ სიაში. ისინი პროპორციულად არჩეული დეპუტატების ადგილს იკავებენ და აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური თვალსაზრისით მოდელთან დაკავშირებით სეიოზული კითხვები ჩნდება. ეს შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააბათილოს,”- აღნიშნავს გია ვოლსკი.
“შეუსაბამო არის ის, რომ ავტომატურად იკრიბება,”- ამბობს მებანდე.
მისი მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ასე განმარტავს კონსტიტუციის 28-ე მუხლს. ამ განმარტების თანახმად, “ როდესაც კანონმდებელი კონსტიტუციიდან მომდინარე ვალდებულების ფარგლებში ხალხის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგენს პირდაპირ, საყოველთაო არჩევნებს, ეს არჩევნები წარმოადგენს კონსტიტუციით მოაზრებული საარჩევნო სისტემის ნაწილს და ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროში.”
არის თუ არა კონსტიტუციასთან შეუსაბამო საინიციატივო ჯგუფებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის უფლების ჩამორთმევა?
ინიცირებული კანონპროექტით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის უფლება ერთმევათ.
“ასე რომ არ იყოს, დაირღვევა წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის მთავარი პრინციპი – მიღებული მანდატების რაოდენობა პროპორციულია მიღებული ხმებისა,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩი” წევრი პალიკო კუბლაშვილი ამბობს, რომ მათთვის საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი ცვლილება კარგია და ამიტომ მხარს დაუჭერენ ახალ მოდელს. თუმცა, კუბლაშვილის აზრით, საინიციატივო ჯგუფებისთვის უფლების ჩამორთმევა კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება:
“მგონი, კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება სწორედ ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ საინიციატივო ჯგუფებს კანდიდატის წარდგენის უფლება არ ექნებათ. 2003 წლიდან მოყოლებული ვენეციის კომისიის ყველა დასკვნაში წერია, რომ საინიციატივო ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ მონაწილეობის უფლება. ამიტომ ეგ პრობლემური იქნება. “
საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით, ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 14 აპრილის გადაწყვეტილებით, არსებული კანონმდებლობით გაუმართლებლად იზღუდება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფისთვის მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის უფლება.
“თუ თვითმმართველობის არჩევნების მაჟორიტარულ ოლქში აქვს საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის წარდგენის უფლება, პრეზიდენტის არჩევნებში აქვს, მერების და გამგებლის არჩევნებში რატომ არ აქვსო? ეს ლოგიკური და გასაგებია, მაგრამ ეს არაფერ შუაშია საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან. ამაზე სასამართლოს არაფერი უთქვამს და, შესაბამისად, ეს აკრძალვა არ არის,” -ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი.
ვახუშტი მენაბდის თქმით, ამ შემთხვევაში, საარჩევნო სისტემა თავისთავად გამორიცხავს დამოუკიდებელი კანდიდატების არსებობას:
“ ამგვარ სისტემაში ამომრჩევლის უფლება იზღუდება, თუმცა ეს შეზღუდვა იქნება პროპორციული, ვინაიდან საარჩევნო სისტემის ლოგიკაშია ჩადებული. ხმების პროპორციულად ასახვის ინტერესი გადაძალავს იმ ინტერესს, რომ საინიციატივო ჯგუფებს ჰქონდეთ კანდიდატის წარდგენის უფლება.”
ამავე თამეზე:
სხვაობა მანდატების განაწილებაში არსებული და გერმანული მოდელებით.