ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავების ისტორიული შანსი

29 ნოემბერი, 2019 • 5260
ქართულ-სომხური ურთიერთობების გაღრმავების ისტორიული შანსი

ავტორი: გიორგი ცხადაია, პოლიტოლოგი


ინგლეჰარტისა და ველცელის ცნობილ „კულტურების რუკაზე“ საქართველო ყველაზე ახლოს კულტურული ღირებულებებით ორ ქვეყანასთან დგას: რუმინეთთან და სომხეთთან.

რუმინეთი ჩვენი მეზობელი არ არის; მასთან არც განსაკუთრებული ისტორიული ბმები არ გვქონია და ეს მსგავსებაც მხოლოდ იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ ორივე ქვეყანაში დომინანტური რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანობაა.

რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, დიდია ალბათობა იმისა, რომ სტატისტიკაში ასახული მსგავსება სწორედ მჭიდრო ისტორიული კავშირებით აიხსნება (მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში და სომხეთში ქრისტიანობის განსხვავებული მიმდინარეობებია დომინანტური).

ამ კულტურული მსგავსების მიუხედავად, საქართველოში ზოგჯერ იმაზე ნაკლებად მივყვებით მეზობელ, კულტურულად ახლოს მყოფ სომხეთში მიმდინარე პროცესებს, ვიდრე, მაგალითად, ამერიკაში ან ევროპაში განვითარებულ მოვლენებს.

ამის მიზეზი დიდწილად არის ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ელიტების საგარეო პოლიტიკური და კულტურული პრეფერენციები. ქვემოთ სწორედ ამ ორ საზოგადოებას შორის დიალოგის წარმართვის აუცილებლობაზე ვისაუბრებ.

ჩვენი რეგიონის მომავალი საქართველოსა და სომხეთს, ისევე, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაღრმავებული ურთიერთობების გარეშე წარმოუდგენელია.

დავიწყებ იმით, თუ რა როლი აქვთ პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ელიტებს საზოგადოებების დაახლოებაში და რა უშლიდათ აქამდე ხელს ქართველებსა და სომხებს უფრო მეტად გაერღმევინებათ ურთიერთობები. ელიტების როლის განსაკუთრებულობაზე მეტყველებს ის დამოკიდებულება, რაც საქართველოში რუსეთის და რუსული კულტურის მიმართ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული კულტურა უფრო მეტად განსხვავდება ქართული კულტურისგან, ვიდრე, მაგალითად, სომხური (განსაკუთრებით იმით, რომ ის ნაკლებად „ტრადიციულია“; ეს ინგლეჰარტ-ველცელის კლასიფიკაციაშიც ჩანს), ზოგიერთი ქართველისთვის ის დიდი ხნის მანძილზე, კოლონიზატორის სტატუსიდან გამომდინარე, „ელიტურობასთან“ ასოცირდებოდა.

ეს „ელიტურობა“ კი მნიშვნელოვან კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს ფარავდა. ამ განსხვავებების გამოკვეთის ნაცვლად, პირველ პლანზე გადმოინაცვლა ისეთმა მითებმა, როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ „რუსეთი ერთმორწმუნე ქვეყანაა“. რა თქმა უნდა, რუსეთში, ისევე, როგორც საქართველოში, დომინანტური რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, მაგრამ ორ ქვეყანაში რწმენისადმი დამოკიდებულება დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, „მსოფლიოს ღირებულებების გამოკითხვაში“ ჩანს, რომ საქართველოში რელიგია მოსახლეობის 84.9 %-ისთვის არის „ძალიან მნიშვნელოვანი“, ხოლო რუსეთში- მხოლოდ  14.3 %-ისთვის.

ეს რელიგიურობის დონეებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა. ის წარმოდგენა, რომ საქართველოსა და რუსეთს კულტურულად ერთმორწმუნეობა აახლოებთ, სტატისტიკურ მონაცემებს თუ ვენდობით, მცდარია. სიმართლე კი უფრო მეტად ისაა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი.

საზოგადოებების შორის დაახლოებაში ელიტების განსაკუთრებული როლის საუკეთესო ილუსტრაცია ევროკავშირია, რომელსაც თავის დროზე ფრანგი და გერმანელი პოლიტიკური და სამეცნიერო ელიტების განსაკუთრებული ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი. ერთ დროს „ელიტარულმა“ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ერთობამ კი დროთა განმავლობაში სახალხო მნიშვნელობაც შეიძინა.

აქამდე ქართულ და სომხურ ელიტებს მსგავსი მიზიდულობა ერთმანეთის მიმართ ნაკლებად ჰქონდათ. საზოგადოებებიც ერთმანეთთან განსაკუთრებული სიახლოვით ვერც ახლა დაიკვეხნიან. ქართველების ის ნაწილიც კი, რომელიც კულტურულ სიახლოვეს გრძნობს რუსეთთან ან საერთოდაც რუსოფილია, არმენოფილური გრძნობებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა (უმალ პირიქით, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი არმენოფობიც კი იყოს).

თავის მხრივ, სომხეთშიც, სტატისტიკურ მონაცემებს თუ მივყვებით, ქართველოფილია განსაკუთრებით გავრცელებული არ არის. „კავკასიის ბარომეტრის“ 2017 წლის გამოკითხვით, საქართველოში გამოკითხულთა 58 % უარყოფითად უყურებდა ქალების ქორწინებას სომხებზე, ხოლო სომხეთში 61 %-ს არ სურდა ის, რომ ქალები ქართველებზე დაქორწინებულიყნენ. ამავე დროს, ორივე ქვეყანაში გამოკითხულთა შედარებით ნაკლები – დაახლოებით ნახევარი მიიჩნევდა იგივეს რუსებზე, ამერიკელებზე ან იტალიელებზე.

საბჭოთა კავშირის დროს ქართულ და სომხურ ელიტებს ჰქონდათ ასიმეტრიული და იძულებითი ურთიერთობა მეტროპოლიასთან. ერთმანეთთან კულტურული და სხვა სახის კავშირების დამყარების აუცილებლობა არ არსებობდა. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყნებს დამოუკიდებლობის მცირე ისტორია აქვს, ურთიერთდაახლოების აუცილებლობაც შედარებით გვიან გავიაზრეთ.

ბოლო დროს მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გახარიასა და სომხეთის ახალი პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, რომელიც 2019 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. ფაშინიანმა ამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „სომხურ-ქართული ურთიერთობები გარე ფაქტორების ხელის შეშლის გარეშე უნდა განვითარდეს“.

ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა და მისი დადებითი დამოკიდებულება ევროპის მიმართ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ეძლევათ (თუკი, რა თქმა უნდა, ამასობაში საქართველომ არ განიცადა რეგრესი მოდერნიზაციის გზაზე, რისი მკვეთრი ნიშნებიც ახლა გვაქვს).

სომხეთში მოდერნიზაციის პროცესის დაწყება ნაყოფიერ ნაიდაგს ქმნის იმისათვის, რომ ჩვენი ორი ქვეყნის პოლიტიკურმა, კულტურულმა და ეკონომიკურმა ელიტებმა ერთმანეთთან ურთიერთობა გააღრმაონ. საქართველო უკვე დიდი ხანია მომართულია იმისკენ, რომ განახორციელოს არა მხოლოდ მოდერნიზაცია, არამედ პოლიტიკურად, სოციალურად და კულტურულად დაუახლოვდეს ევროპას.

სომხეთშიც ბოლო დროს, მოდერნიზაციის იმედებთან ერთად, ევროპის როლის ზრდაც შეიმჩნევა. მაგალითად, 2019 წლის ივლისში სომხეთს ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ფაშინიანის ახალი მთავრობის რეფორმატორული მიზნების წასახალისებლად ევროკავშირმა სომხეთს ფინანსური დახმარება ორჯერ გაუზარდა.

ტუსკმა აღნიშნა, რომ სომხეთში მიმდინარე ცვლილებებმა შექმნა ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. ის, რომ უკვე ორივე ქვეყნის ძალისხმევა (ჯერჯერობით) მიმართულია ევროპასთან დაახლოებისკენ (ცხადია, სხვადასხვა დონეზე, ვინაიდან საქართველო ამ გზაზე, გეოპოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო წინ არის), ქმნის ორი ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული თანხვედრის შესაძლებლობას. ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

პირველ რიგში, საჭიროა როგორც სამთავრობო, ისე საზოგადოებრივ დონეზე უფრო მეტი რეგიონული პროექტის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს დაბალი დონის კორუფციასთან ბრძოლის და საჯარო სერვისების მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი გამოცდილება (თუმცა, როგორც ვიცით, მაღალი დონის კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება), რაც შეიძლება კონკრეტული საერთო ინიციატივების საფუძველი გახდეს.

თუკი საქართველოში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიზაციის კალაპოტს არ გასცდება, მომავალში ამ მიმართულებითაც შეიძლება რეფორმების ერთმანეთისთვის გაზიარება. ეკონომიკური კავშირები, რომლებზეც გახარიამ და ფაშინიანმაც იმსჯელეს, თავისთავად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების განმტკიცება.

როგორც Jam News- ისთვის დაწერილ ერთი წლის წინანდელ ბლოგში ვწერდი, საქართველოში რუსული ენა lingua franca-ს სტატუსს კარგავს, რაც ერთი მხრივ, დადებითი ტენდენციაა (ყოფილი მეტროპოლიის მავნე პოლიტიკური ზემოქმედებისგან რომ თავი დავიცვათ), მაგრამ მეორე მხრივ, ეს რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებს ეს ტენდენცია დიდად ხელს არ შეუშლის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რუსული ენა კვლავაც რჩება მოსახლეობის დიდი ნაწილის მეორე ენად.

როგორც „კავკასიის ბარომეტრის“ 2017 წლის გამოკითხვაში ჩანს, საქართველოში მოსახლეობის 72 % თვლის, რომ რუსული საშუალოდ ან უფრო უკეთესად იცის, სომხეთში ასეთი ადამიანების რიცხვი  81 %-ია (სამწუხაროდ, რუსული ენის ცოდნის შემმოწმებელი ობიექტური მონაცემები არ გვაქვს, ეს მხოლოდ თვითაღქმებია). ამასთან, საქართველოში მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ რუსული საშუალოზე კარგად იცის 24 %-ია, სომხეთში კი უფრო ნაკლები – 18 % (თუმცა ესეც, როგორც აღვნიშნე, თვითაღქმაა და რეალურად, შეიძლება პირიქითაც იყოს). ეს, წესით, საკმარისი რესურსია ყოფითი კომუნიკაციის დონეზე ურთიერთობის დასამყარებლად.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ლინგვისტური ფაქტორი ის არის, რომ მოდერნიზაციის გზაზე მდგარი ქვეყნებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მათმა ელიტებმა საერთაშორისო ენაზე შეძლონ კომუნიკაციის დამყარება. რუსულ ენას ამ შემთხვევაში ინგლისური ენა ჩაანაცვლებს.

მოდერნიზაციის აგენტები – რეფორმატები სხვადასხვა დარგში არა იმდენად რუსეთთან, არამედ გლობალური ინოვაციის ცენტრთან – დასავლეთთან ეცდებიან კავშირების დამყარებას. 21-ე საუკუნეში მოდერნიზაცია სწორედ გლობალურ ეკონომიკაში უკეთ ინტეგრირებას გულისხმობს. ამ ინტეგრირების გზაზე საქართველოსა და სომხეთს შეუძლიათ ერთმანეთს ხელი შეუწყონ.

სკეპტიკოსებმა შეიძლება ზემოთ განვითარებულ მსჯელობას ხაზი გადაუსვან, იმ „რეალისტური“ არგუმენტით, რომ საქართველოსა და სომხეთს უზარმაზარი გეოპოლიტიკური უფსკრული ჰყოფთ ერთმანეთისგან: სომხეთი საქართველოს მთავარი მტრის – რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა სამხრეთ კავკასიაში.

საქმე ისაა, რომ სიტუაციის ასეთ მკაცრად გეოპოლიტიკურ ჩარჩოში აღქმა ხელს შეგვიშლის იმის დანახვაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური აქტორების – ქართველებისა და სომხების ძალისხმევა რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში, გეოპოლიტიკისადმი ფატალისტურმა მორჩილებამ შესაძლოა ისტორიული შანსები გაგვაშვებინოს ხელიდან. ჩვენს ისედაც დაძაბულ რეგიონში კი ამისი ფუფუნება არ გვაქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი