ახალი ამბები

პროპორციულის განხილვებზე სულ მცირე 60 000 ლარი ტყუილად დაიხარჯა

25 ნოემბერი, 2019 • 3048
პროპორციულის განხილვებზე სულ მცირე 60 000 ლარი ტყუილად დაიხარჯა

პარლამენტს საკონსტიტუციო კანონპროექტის სახალხო განხილვები თითქმის 60 000 ლარი დაუჯდა. საუბარია იმ კანონპროექტზე, რომელიც 2020 წელსვე ითვალისწინებდა მხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მმართველმა უმრავლესობამ ორიოდე კვირის წინ ჩააგდო.

ეს საჯარო ინფორმაცია პარლამენტისგან გამოითხოვა და „ნეტგაზეთს“ მიაწოდა ნატალია ხოხიაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, თავმჯდომარემ.

20-21 ივნისის აქციის დარბევისა და იმ დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“, კერძოდ კი, პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ 2020 წლის არჩევნები არა შერეული (პროპორციულ-მაჟორიტარული), არამედ სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. ეს მოთხოვნა თითქმის სრულ ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა წლების განმავლობაში.

ამ პირობის გაცემის შემდეგ გაიმართა საკონსტიტუციო ინიციატივის, „პროპორციული არჩევნები 2020“, პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონში“ 1 ივლისს;

მოგვიანებით შეიქმნა კონსტიტიციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომელიც სხვადასხვა ქალაქში მართავდა შეხვედრებს ამ კანონპროექტის პოპულარიზაციის მიზნით.

კომისიას 13 წევრი აკომპლექტებდა, ძირითადად „ქართული ოცნების“ პარლამენტარები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე (კომისიის თავმჯდომარე), თამარ ჩუგოშვილი და სხვები; ასევე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი, „ევროპული საქართველოდან“ 3 და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი პარლამენტარი.

საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა ზუგდიდში. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებისათვის შექმნილი კომისიის სამუშაოდ პარლამენტის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა ზუსტად 59,310.14 ლარი. მათ შორის:

  1. რეგიონებში განხილვის სამივლინებო თანხა − 17,654.00 ლარი;
  2. გახმოვანება, ვიზუალიზაცია − 33,797.47 ლარი;
  3. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აპარატურის ტრანსპორტირება − 4,340.00 ლარი;
  4. პორტატული ბანერები − 160.00 ლარი;
  5. სხვა − 3,358.67 ლარი;

ნატალია ხოხიაშვილის ცნობითვე, ამ თანხაში არ არის შესული სასტუმრო „შერატონში“ პრეზენტაციის ხარჯი და ეს ხარჯი სავარაუდოდ „ქართულმა ოცნებამ“, თავად პარტიამ გაიღო.

საბოლოოდ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონპროექტი ჩააგდო. მათ თანახმად, მაჟორიტარების წინააღმდეგობის გამო. მეტიც, მაჟორიტარების ნაწილი გამოდის ინიციატივით, არჩევნები მხოლოდ მაჟორიტარული წესით ტარდებოდეს და არც ახლანდელი შერეული და არც პროპორციული სისტემით.

პარტიის გენერალური მდივნის, კახი კალაძის თანახმად, ამ საკითხზე შესაძლოა პლებისციტი ან რეფერენდუმი 2020 ან 2021 წელს გაიმართოს.

გამოდის, რომ კომისიისთვის გამყოფილი თანხა უშედეგოდ დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი