შემოსავლების სამსახურის უფროსად შსს-ში გახარიას ექს-მოადგილე დაინიშნა

შემოსავლების სამსახურის უფროსად შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაინიშნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ვანო მაჭავარიანმა თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

„პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება – ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა“, – განაცხადა მაჭავარიანმა. 

შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, კაკავა 1996-2001 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორია-იურიდიული ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის მიმართულებით სწავლობდა. რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, სხვადასხვა დროს ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა.

16 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურს არცერთი შეცდომა არ ეპატიება და “ლიმიტი ამოიწურა“. შემოსავლების სამსახური პრემიერმა დღეს, 21 ნოემბერს გამართულ სხდომაზეც ახსენა. მან ფინანსთა მინისტრს სთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ უწყებას.

ამავე თემაზე

გახარია: შემოსავლების სამსახურს არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.