ახალი ამბები

გახარია: შემოსავლების სამსახურს არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა

16 ნოემბერი, 2019 • 1833
გახარია: შემოსავლების სამსახურს არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საბაჟო დეპარტამენტს აფრთხილებს. პრემიერისა სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

“უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა,” – თქვა გიორგი გახარიამ.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.

„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.

შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი