საზოგადოება

სტატისტიკა: ვის აჯარიმებენ ქონების გადასახადის გადაუხდელობისთვის

27 ნოემბერი, 2023 • 9183
სტატისტიკა: ვის აჯარიმებენ ქონების გადასახადის გადაუხდელობისთვის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ფიზიკური პირის ქონების გადასახადის სისწორის დადგენის მიზნით სულ ინიციირებულია 322 თემატური საგადასახადო შემოწმება, საიდანაც სამართალდარღვევა გამოვლინდა 310 შემთხვევაში.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ წერილში ასევე მითითებულია, რომ დროის ამავე მონაკვეთში ფიზიკურ პირებთან სულ ინიციირებულია 1 620 სრული საგადასახადო შემოწმება, რომელიც სხვა შესამოწმებელ საკითხებთან ერთად მოიცავდა ქონების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად, 2018-2022 წლებში, საგადასახადო პერიოდში „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარაციის“ დაგვიანებით წარმოდგენისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა 7,803 პირზე.

შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ სამსახურის მიერ გადასახადის გადამხდელების შემოწმებისთვის (მათ შორის დეკლარირებული ქონების გადასახადის სისწორის დადგენის მიზნით) შერჩევა ხორციელდება საგადასახადო რისკების მართვის სისტემის მეშვეობით აუდიტორთა რესურსის გათვალისწინებით. მათი თქმით, შერჩევა ემყარება სათანადო ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს, რა დროსაც, სხვა საკითხებთან ერთად, მხედველობაში მიიღება პოტენციური საგადასახადო სამართალდარღვევის ალბათობა და მასშტაბი.

რა არის ქონების გადასახადი?

ქონების გადასახადს იხდის ფიზიკური პირი (მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირი), თუ საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ ქონებას (სახლს/ბინას/მშენებარე ფართს/ავტომობილს) და მისი ოჯახის წინა წლის შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს (იანგარიშება დარიცხული ხელფასით).  იმ შემთხვევაში, თუ პირს საქართველოს ტერიტორიაზე აქვს დასაბეგრი მიწა, მიუხედავად შემოსავლების ოდენობისა, მიწის გადასახადის გადამხდელია.

თუ ფიზიკური პირი აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ყოველი წლის 15 ნოემბრამდე უნდა შეავსოს ქონების დეკლარაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს და მისი ოჯახის სახელზე არსებული უძრავ/მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით დაანგარიშდება სახდელის ოდენობა.

კერძოდ, გადასახადის ოდენობა დგინდება:

  • 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
  • 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

უფრო დეტალურად ამ თემაზე გაეცანით პასუხებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი