ახალი ამბები

მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – IRI

19 ნოემბერი, 2019 • 722
მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ბოლო სამი წელია, ეს მაჩვენებელი 65-70%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც 2004 წლიდან დღემდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. IRI კვლევის შედეგები საქართველოში სწორედ 2004 წლიდან არის ხელმისაწვდომი. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს მონაცემები მნიშვნელოვნად იცვლებოდა, თუმცა ბოლო სამი წლის მაჩვენებლები ყველაზე უარესია.

2004 წლიდან დღემდე პერიოდში, 2012 წლის ნოემბერში, ეს უარყოფითი მაჩვენებელი ყველაზე დაბალ , 12%-იან ნიშნულზე იყო. ეს არის პერიოდი, როდესაც კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” შეცვალა “ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება.

როგორც IRI-ის კვლევის დინამიკა აჩვენებს, 2013 წლიდან მკვეთრად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შესაბამისად, ამავე პერიოდიდან 63%-იანი ნიშნულიდან იკლებს იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. 2019 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევით, ასე მხოლოდ მოსახლეობის 22% ფიქრობს.

 

კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში IRI-ის დაკვეთით და USAID-ის დაფინანსებით ჩაატარა Baltic Surveys/The Gallup Organization-მა. ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არ აღემატება +/- 2.5 პროცენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი