კომენტარი

სოციოლოგი IRI-ის კვლევის საფუძველზე ხსნის, იმუშავა თუ არა “ოცნების” პროპაგანდამ

25 აპრილი, 2023 • 3829
სოციოლოგი IRI-ის კვლევის საფუძველზე ხსნის, იმუშავა თუ არა “ოცნების” პროპაგანდამ

“მიუხედავად შეტევებისა, საქართველოს მოსახლეობა არ ცვლის თავის პროდასავლურ ღირებულებებს” — ესაა მთავარი დასკვნა, რომელიც  “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის”(CRRC) დირექტორმა, კობა თურმანიძემ, IRI-ს ახალი კვლევიდან გამოიტანა.

საუბარია კვლევაზე, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 89% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, 80% კი — ნატოში გაწევრიანებას. წინა კვლევებთან შედარებით, გაზრდილია როგორც EU-ში, ისე ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი.

“მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ მიუხედავად ამ ძალიან მნიშვნელოვანი და არასასურველი შეტევებისა ქვეყნის პროდასავლურ კურსზე სხვადასხვა მხრიდან, მოსახლეობამ ოდნავადაც არ შეიცვალა თავისი პროდასავლური ორიენტაციის ღირებულება.

ის [უბრალოდ] კი არ ამბობს, რომ მხარს უჭერს და მეტი არაფერი, მას ზუსტად ესმის, რომ ნატო უფრო მეტად უსაფრთხოების კუთხით არის ქვეყნისთვის სასარგებლო, ევროკავშირი კი— უფრო ეკონომიკური აღმავლობისთვის და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ პროპაგანდას და ანტიდასავლური გამოსვლების მომძლავრებას ხალხმა უპასუხა ასე: თავისი არჩევანის სიმყარით და სიმტკიცით”, — ეუბნება თურმანიძე “ნეტგაზეთს”.

ის კვლევის იმ ნაწილსაც აღნიშნავს, რომლის თანახმადაც ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა 77% EU-ს წევრობას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს.

“მართალია, აქ ეკონომიკურ ურთიერთობაზე იყო ლაპარაკი და არა სამხედრო დაპირისპირებაზე [რუსეთთან], მაგრამ ამ და სხვა კვლევებიდან ვიცით, რომ ხალხისთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. ამის დათმობისთვისაც კი მზად არიან იმისთვის, რომ პროდასავლური კურსი შენარჩუნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმ ხალხისთვის, ვინც ცდილობს, პროდასავლურ განწყობებს ძირი გამოუთხაროს”, — გვეუბნება CRRC-ის დირექტორი.

მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ არ იმუშავა ანტიდასავლურმა კამპანიამ, თურმანიძე აღნიშნავს, რომ ეს რიტორიკა “არაფერზეა დაფუძნებული”:

“როდესაც გეუბნებიან, რომ დასავლეთი ცუდია, ვერ გეუბნებიან, რატომ არის ცუდი: რას გიშავებს და რას გიშლის. ეს ყველაფერი ძალიან ხშირად დაიყვანება ტრივიალურ, შეიძლება, სასაცილოობამდე ტრივიალურ [განცხადებებზე], რომ [დასავლეთში] ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელს უწყობენ და ა.შ.

ანუ, ეს პროპაგანდა ადამიანებს ვერ ეუბნება ვერაფერს ხელშესახებს, თუ რატომ არ უნდა გინდოდეს დასავლეთი… და თუ არ უნდა გინდოდეს დასავლეთი, რატომ უნდა გინდოდეს რუსეთი, ამას ხომ საერთოდ არანაირი არგუმენტი და საღ აზრთან მყოფი არანაირი საფუძველი არ აქვს.

ამიტომ, არც არასდროს მიმაჩნდა, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა დიდად სახიფათო იყო ჩვენთვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები მის წინააღმდეგ”.

კობა თურმანიძე იმასაც ხაზს უსვამს, რომ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს მოსახლეობის “საკმაოდ დაბალი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი პროცენტი”, რომელიც ანტიდასავლურ ან პრორუსულ განწყობებს ატარებს.

” ესეც არ არის სასურველი და [ამ ნაწილის] გადასავლელებაზეა სამუშაო, ვიდრე იმაზე, რომ ვინც უკვე პროდასავლელია, არ გაპრორუსდეს. ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია ჩვენს პირობებში”, — გვეუბნება თურმანიძე.

რას ამბობს კვლევა ნატოზე, ევროკავშირზე, რუსეთზე

აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. 75% – სრულად, 14% – ნაწილობრივ. წინა წლის მარტთან შედარებით ამ პოზიციის მქონე მოქალაქეებმა 5%-ით იმატეს.

ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ სარგებლად 45% ეკონომიკურ გაძლიერებას ასახელებს.

ნატოში გაწევრიანებას ნაწილობრივ ან სრულად ემხრობა 80%, მთავარ სარგებლად კი მიიჩნევენ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვას.

გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ საგარეო პოლიტიკურ [87%] თუ ეკონომიკურ [76%] საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

გარდა ამისა, წინა წლის სექტემბრის გამოკითხვასთან შედარებით, შემცირდა მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან [34% – სრულად, 25% – ნაწილობრივ] 53-მდე [26% – სრულად, 27% – ნაწილობრივ].

ვრცლად:

IRI-ის კვლევა: 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრორუსულად მიიჩნევს

მასალების გადაბეჭდვის წესი