ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნებისთვის არც კანონიერი და არც ემოციური წინაპირობა არ არსებობს – ვოლსკი

16 ნოემბერი, 2019 • 1156
ვადამდელი არჩევნებისთვის არც კანონიერი და არც ემოციური წინაპირობა არ არსებობს – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ამ ეტაპზე ვადამდელი არჩევნების წინაპირობა არ არსებობს.

“საერთოდ არაფერი არ უნდა გამორიცხო, მაგრამ ამისი წინაპირობა არც კანონიერი და არც ემოციური, არ არსებობს. ხალხი ელოდება ბიუჯეტს, მდგომარეობის გამოსწორებას და ელოდება, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს სტაბილურობას”, – თქვა ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერი თქმით, ისინი უარს აცხადებენ ოპოზიციის შეთავაზებაზე არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებასთან დაკავშირებით.

“ვისაუბრეთ შემოთავაზებაზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ყველამ იცის ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და საკონსტიტუციო ცვლილება ამასთან დაკავშირებით ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება”, – თქვა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციას და აქციის მონაწილეებს “აგრესია” დაუწუნა.

“ეს აგრესია, რაც მოდის იქიდან, არ არის სწორი, მე ასე მგონია და უამრავ ხალხს ასე ჰგონია. პროპორციულ ნაწილში, რომელიც გააჩნია შერეულ სისტემას, საკმაოდ დიდი რესურსი რჩება და რაც დამავიწყდა მეთქვა: ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობსეუთოს რეკომენდაციებით ამ საარჩევნო სისტემის, საარჩევნო კოდექსის ჩამოყალიბებაზე, რომ ელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ცვლილებებს და მათ შორის, ოპოზიციის პოზიციების გაძლიერებას ითვალისწინებს”, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც ვოლსკი აცხადებს, მნიშვნელობა არ აქვს, რა სისტემით და როდის ჩატარდება არჩევნები . ის დარწმუნებულია, რომ უპირატესობა ნებისმიერ შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” ექნება.

“ჩვენი მთავარი მიმართვა იმ ხალხის მიმართ, ვინც აპროტესტებს, იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი დასკვნები და დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ გამოვხატოთ 2020 წელს”, – თქვა გია ვოლსკიმ.

როგორც ის ამბობს, უმრავლესობის სხდომაზე “გამოითქვა წუხილი საქმიანი და მეგობრულიც იმის გამო, რომ 12-მა ადმაიანმა უმრავლესობა დატოვა, თუმცა პროპორციულ და შერეულ საარჩევნო სისტემაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მყარად ითქვა, რომ ეს უმრავლესობა სჭირდება არამარტო “ქართულ ოცნებას”, როგორც პარტიას, არამედ სახელმწიფოს სტაბილურობისა და განვითარებისათვის”.


რა ხდება

საქართველოს პარლამენტმა 14 ნოემბერს ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

მასალების გადაბეჭდვის წესი