მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ოპოზიციური პარტია შეჯერდა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რამდენიმე პოლიტიკოსმა, მაგალითად, გიგი უგულავამ ახსენა არჩევნების ე.წ გერმანული მოდელი.
„გერმანული მოდელი“ არ არის კლასიკურად პროპორციულ არჩევნები, ის შერეული ტიპისაა, თუმცა იმ მოდელისგან განსხვავდება, რაც ახლა საქართველოში არსებობს.
როგორც ოპოციზიის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ცვლილებას არ დასჭირდება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (ანუ 113 ხმა) და მის მისაღებად უბრალო უმრავლესობაც (76 ხმა) საკმარისი იქნება.
„ნეტგაზეთის“ არქივზე დაყრდნობით გთავაზობთ მიმოხილვას, თუ რას ნიშნავს ეს მოდელი და როგორ შეიძლებოდა, რომ 2016 წლის პარლამენტი არჩევნების ასეთი ხერხით ჩატარების შედეგად დაკომპლექტებულიყო.
რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მე-8 მოწვევის პარლამენტი მხარს დაუჭერდა “რეპუბლიკური პარტიის” მიერ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ?
ამ მოდელით, კონკრეტული პარტიის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა უფრო მიახლოებულია იმ პროცენტულ მაჩვენებელთან, რაც პარტიამ არჩევნების შედეგად მიიღო.
ამასთან, პარტიის მიერ მიღებული პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები არ იკრიბება. კერძოდ, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადამლახავი პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი მანდატების რაოდენობა გამოითვლება ფორმულით: Ni = Mi X (150-P):M. ამ ფორმულაში Mi არის ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, P – მაჟორიტარული სისტემით იმ სუბიექტთა წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ზღურბლი, ხოლო M – იმ სუბიექტთა მიერ მიღებული ხმების ჯამი, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ზღურბლი.
ამ მოდელით, ქართული ოცნება პარლამენტში შეიყვანდა 88 დეპუტატს და არა 113-ს, როგორც ეს არსებული მოდელით მოხდა.
გერმანული მოდელით, ენმ მიიღებდა 49 მანდატს, ხოლო დღევანდელი სისტემით მიიღო მხოლოდ 27 მანდატი. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ნაცვლად 6 მანდატისა, მიიღებდა 9 მანდატს.
შესაბამისად, ე.წ. გერმანული მოდელით, პარლამენტში 150 დეპუტატიდან 88 იქნებოდა “ოცნების” წარმომადგენელი, 49 – ენმ-ის, 9 – პატრიოტების, 2 – დამოუკიდებელი დეპუტატი, 1 – მრეწველების, 1 – თავისუფალი დემოკრატების.